Thumbnail

ასტრონომებმა ერთი ვარსკვლავის მიერ მეორის შთანთქმა დააფიქსირეს

  • ასტრონომებმა ჩილეში მდებარე რადიოტელესკოპებით ერთი ვარსკვლავის მიერ მეორის შთანთქმა დააფიქსირეს.
  • ამ მასშტაბური მოვლენის შედეგად კოსმოსში სხვადასხვა ფერის აირები და მტვერი მიმოიფანტა.
  • ორი ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა HD101584 მეცნიერებს თავდაპირველად წითელი სუპერგიგანტი ეგონათ.

ატაკამას უდაბნოში განლაგებული რადიოტელესკოპების გიგანტური მასივის (ALMA) დახმარებით, ასტრონომებმა HD101584-ის სახელით ცნობილი ობიექტის გარშემო გაფანტული ფერადი კოსმოსური მტვერი დააფიქსირეს.

1995 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები HD101584-ს "ანომალიურ სუპერგიგანტად" მოიხსენიებდნენ. მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ აღწერილი ციური სხეული წითელი გიგანტი იყო, რომელმაც ევოლუცია თითქმის დაასრულა და თეთრ ჯუჯად უნდა გადაქცეულიყო. თუმცა, ALMA-თი მიღებულ ახალ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ HD101584 ორმაგი სისტემა იყო, რომელშიც წითელი გიგანტი ვარსკვლავის გარშემო თეთრი ჯუჯა ბრუნავდა. 

ორმაგი სისტემა HD101584-ის გარშემო მიმოფანტული აირები და მტვერი.  ფოტო: ALMA (ESO/NAOJ/NRAO).

როგორც აღმოჩნდა, სუპერგიგანტი ზომაში იმდენად გაიზარდა, რომ თეთრი ჯუჯა სპირალისებრი ტრაექტორიით ააჩქარა და საკუთარი ბირთვისკენ მიიზიდა. თუმცა, ორი ვარსკვლავი ერთმანეთს არ შეჯახებია. წითელმა გიგანტმა კომპანიონი საკუთარ გარსშივე შთანთქა. 

თეთრი ჯუჯის ამ მანევრმა წითელ გიგანტს გარსი თითქმის მთლიანად შემოაცალა და კოსმოსში აირებისა და მტვრის სახით მიმოფანტა. მეცნიერებმა ატაკამას ობსერვატორიიდან სუპერგიგანტის პოლუსებიდან გამოფრქვეული მატერიის ჭავლებიც დააფიქსირეს, რამაც უკვე გატყორცნილ მტვერთან და აირებთან ურთიერთქმედებით რგოლისებრი სტრუქტურები წარმოქმნა. მკვლევართა თქმით, ეს მოვლენა რამდენიმე ასეული წლის წინ მოხდა, რაც ასტრონომიული მასშტაბებით ძალზე მცირე დროა. 

კომენტარები

ბოლო ამბები