Thumbnail

ასტრონავტი კრისტინა კოხი 328 დღის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

ბექა მამუკაშვილი
  • ამერიკელმა ასტრონავტმა, კრისტინა კოხმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 328 დღე გაატარა.
  • ეს ქალი ასტრონავტის მიერ უწონადობაში გატარებული დროის რეკორდია.
  • 11 თვის განმავლობაში კოხმა დედამიწას 5248-ჯერ შემოუფრინა, რაც 224 მილიონი კილომეტრია. 

NASA-ს ასტრონავტი კრისტინა კოხი თავის ორ კოლეგასთან ერთად დედამიწაზე დაბრუნდა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ქალ ასტრონავტებს შორის ყველაზე მეტი დრო, 328 დღე გაატარა. აქამდე ქალი ასტრონავტის მიერ უწონადობაში გატარებული დროის რეკორდი 289 დღე იყო და ის პეგი უიტსონს ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ კოხს ამ მაჩვენებლით NASA-ს მამაკაცი ასტრონავტებიდანაც მხოლოდ სკოტ კელი უსწრებს, რომელიც 2015-16 წლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 340 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ერთი მისიის დროს დედამიწის ორბიტაზე ყოფნის აბსოლუტური რეკორდი კი 437 დღეა. მისი მფლობელი რუსი კოსმონავტი ვალერი პოლიაკოვია.

41 წლის კრისტინა კოხი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს 2019 წლის 14 მარტს შეუერთდა და იქ ექვსი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ადამიანის ორგანიზმზე ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის ეფექტების შესასწავლად, მას დედამიწის ორბიტაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. ამ პერიოდში მან 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, რომლებიც NASA-ს მარსზე გრძელვადიანი ექსპედიციის დაგეგმვაში დაეხმარება. 

► NASA-ს ასტრონავტის მიერ ღია კოსმოსში გადაღებული სელფი

მისიის დროს კოხი ექვსჯერ იყო ღია კოსმოსში. მათ შორის ერთხელ თავის კოლეგა ჯესიკა მეირთან ერთად, რაც ქალი ასტრონავტების ღია კოსმოსში ერთად გასვლის პირველი შემთხვევაა. საერთო ჯამში კი, ექსპედიციის დროს სადგურის გარეთ 42 საათზე მეტი გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები