Thumbnail

10 შემზარავი წყალქვეშა არსება 

თემო ლეგაშვილი

ოკეანეების სიღრმეში, სადაც მზის შუქი თითქმის არასდროს აღწევს, ჩვენი პლანეტის ყველაზე შემაძრწუნებელი ქმნილებები ბინადრობენ.

ამ სტატიაში სწორედ 10 შემზარავი წყალქვეშა არსების, მათი უცნაური უნარებისა და თავისებურებების შესახებ მოგითხრობთ. 

10. Mitsukurina owstoni

გობლინად წოდებული ამ ზვიგენის ამოცნობა მოვარდისფრო შეფერილობით, ნისკარტისებრი ცხვირითა და გრძელი ყბებით შეიძლება, რომლებსაც 111 გრადუსამდე კუთხით ხსნის. სახეობის ყველაზე დიდი ცნობილი ეგზემპლარი სიგრძეში 3,8 მეტრი იყო და 210 კილოგრამს იწონიდა.

ეს მტაცებელი ძირითადად მექსიკის ყურესა და ბრაზილიის სანაპიროსთან გვხვდება, თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ხუთივე ოკეანეში ბინადრობს. გობლინი დროის უმეტეს ნაწილს 200-ზე მეტი მეტრის სიღრმეზე, მსხვერპლის ლოდინში ატარებს. მისი რაციონი ძირითადად კალმარების, კიბოებისა და თევზებისგან შედგება.  

9. Petromyzontiformes

ამ უყბო თევზს ხშირად გველთევზისებრ სალამურად მოიხსენიებენ. მისი ორმოცამდე სხვადასხვა სახეობა ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ წყლებსა და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აუზშია გავრცელებული. თუმცა, მათი გამრავლება მტკნარ წყალში ხდება. 

სალამურების სიგრძე 10 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე მერყეობს. მათ გველივით წაგრძელებული სხეული, თვალების უკან კი ლაყუჩების 7-7 ხვრელი აქვთ. რამდენიმე სახეობა მსხვილი თევზების პარაზიტია. ისინი მსხვერპლს ეწებებიან, კბენენ და შემდეგ სისხლს წოვენ. 

8. Melanocetus johnsonii

ჯონსონის მელანოცეტი მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში, 100-დან 4500 მეტრამდე სიღრმეზე ბინადრობს. ხშირად მას ანკესა თევზსაც ეძახიან. ეს საზარელი არსება ბიოლუმინესცენციის უნარით გამოირჩევა და მსხვერპლის მისატყუებლად თავზე განლაგებულ ნათების ორგანოს იყენებს.

მელანოცეტის კუჭი იწელება, ამიტომ მას თავისზე ბევრად დიდი ზომის თევზების გადაყლაპვა შეუძლია. საინტერესოა. რომ ამ სახეობის მდედრის სხეულის სიგრძე 18 სანტიმეტრია, მაშინ როდესაც მამრი მხოლოდ 3 სანტიმეტრამდე იზრდება. 

7. Astroscopus guttatus

ჩრდ. ამერიკულ ვარსკვლავთმრიცხველად მონათლულ ამ მოქუფრულ არსებას ძირითადად ზედაპირიდან 37 მეტრამდე სიღრმეზე, ქვიშაში მოკალათებულს ვხვდებით. სწორედ იქ ელის საათობით თავის მსხვერპლს, მცირე ზომის თევზებს, კალმარებსა და კიბოებს, რომლებსაც მოულოდნელად სწვდება და სანსლავს. მტრებისგან თავდასაცავად კი ელექტროშოკს იყენებს. 

სახეობა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ჩრდილოეთ კაროლინასა და ნიუ იორკის შტატების სიახლოვეს, ატლანტის ოკეანეში ბინადრობს. მისი სხეულის სიგრძე 50 სანტიმეტრზე მეტია, წონა კი 9 კილოგრამს აღწევს.

6. Grammatostomias flagellibarba

ეს დრაკონის მსგავსი მტაცებელი თევზი ატლანტის ოკეანესა და მექსიკის ყურეში, 1500 მეტრამდე სიღრმეში ბინადრობს. მას დიდი პირი და გამჭვირვალე,  ბასრი კბილები აქვს, თუმცა, შემზარავი გარეგნობის მიუხედავად, ზომით საკმაოდ მცირეა და 15 სანტიმეტრს არ აღემატება.

ოკეანის ფსკერზე მცხოვრები ბევრი სხვა არსებასავით, ეს თევზიც მსხვერპლს ნათების ორგანოთი იტყუებს. იმის გამო, რომ ბიოლუმინესცენციის უნარით მისი ნადავლიც გამოირჩევა, მტაცებელს კუჭის კედლები შავად აქვს შეფერილი და საკვების მონელებამდე მათ მიერ გამოცემულ სინათლეს შთანთქავს.

5. Macrocheira kaempferi

იაპონური ობობისებრი კიბო ფეხსახსრიანების ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მისი წონა 20 კილოგრამამდეა, ფეხების სიგრძე კი 5,5 მეტრამდე აღწევს. გავრცელებულია წყნარ ოკეანეში იაპონიის სანაპიროებთან 150-დან 800 მეტრამდე სიღრმეზე. ამომავალი მზის ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ. 

ვარაუდობენ, რომ ობობისებრი კიბოს სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 100 წელია. ჭამს მოლუსკებსა და ცხოველების ნარჩენებს. მტაცებელი რვაფეხასგან დასამალად მიმიკრიის უნარს იყენებს. საცხოვრებლად კი დაფარულ ხვრელებსა და მყუდრო ადგილებს ირჩევს.

4. Chlamydoselachus anguineus

ლაბადიანი ზვიგენი ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, 1570 მეტრამდე სიღრმეზე ბინადრობს. ამ დაუნდობელ მტაცებელს გველთევზას მსგავსი სხეული და გრძელი, მოქნილი ყბები აქვს, რომელთა საშუალებით დიდი ზომის ნადავლს მთლიანად ყლაპავს. მისი რაციონი ძირითადად კალმარებისგან, ასევე თევზებისგან და მცირე ზომის ზვიგენებისგან შედგება.

2 მეტრამდე სიგრძის ლაბადიანი ზვიგენი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  ის შთამომავლობას ცოცხლად შობს. მაკეობა სამნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება, რაც ხერხემლიანებში ცნობილი ყველაზე ხანგრძლივი ვადაა. 

3. Vampyroteuthis infernalis

ვამპირი კალმარი მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. ის მეცნიერებისთვის ცნობილი ერთადერთი მოლუსკია, რომელიც მთელ ცხოვრებას 400 მეტრიდან 1 კილომეტრამდე სიღრმეზე ატარებს. წყალში ჟანგბადის სულ რაღაც 3%-იანი შემცველობის მიუხედავად, ეს გარემო მისთვის საკმაოდ კომფორტულია.

30 სანტიმეტრამდე სიგრძის კალმარის სხეული თითქმის მთლიანად ნათების ორგანოებითაა დაფარული. მას აქვს 8 საცეცი, რომლებიც ერთმანეთთან აპკითაა დაკავშირებული და გამჭირვალე თვალები, რომლებიც განათებასთან ერთად ფერს იცვლიან. 

2. Psychrolutes marcidus

წვეთთევზა პირველად 1926 წელს დაიჭირეს. ის ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ტასმანიის ნაპირებთან 600-დან 1200 მეტრამდე სიღრმეზე ბინადრობს. მისი სიგრძე 30 სანტიმეტრს არ აღემატება, წონა კი 9 კილოგრამს აღწევს. აზიის ქვეყნებში ეს თევზი დელიკატესად ითვლება, თუმცა, ევროპაში მისგან დამზადებულ კერძებს დიდად არ სწყალობენ. 

ამ უცნაური ტყლარწისებრი არსების გამორჩეული თავისებურება საცურაო ბუშტის არქონაა. ოკეანის სიღრმეებში, სადაც ატმოსფერული წნევა ზედაპირთან შედარებით გაცილებით მაღალია, ეს ორგანო უბრალოდ არ მუშაობს. როგორც წესი, წვეთთევზა პირღია ტივტივებს ან ნელა მოძრაობს და მის სიახლოვეს მცურავი მცირე ზომის უხერხემლოებით იკვებება. 

1. Anoplogasteridae

ხმალკბილა მტაცებელი თევზია, რომელიც წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ წყლებში ბინადრობს. როგორც წესი, მას 2000 მეტრამდე სიღრმეზე ვხვდებით, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში 5000 მეტრ მანძილზეც შეუნიშნავთ. სახეობის სიგრძე 18 სანტიმეტრამდეა, წონა კი 120 გრამს აღწევს.

ხმალკბილას მოკლე ტანი და უზარმაზარი ყბები აქვს. გრძელი ეშვები კი, რომლებსაც ის თავის სახელწოდებას უმადლის, პირის დახურვის საშუალებას არ აძლევს. იკვებება მცირე ზომის თევზებით, კალმარებითა და კიბოებით. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები