Thumbnail

ნახეთ: ნაცრისფერი სელაპები ერთმანეთთან კომუნიკაციას ტაშის დაკვრით ამყარებენ

ნინო გიორგობიანი
  • ნაცრისფერი სელაპი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის, კანადის, გრენლანდიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის სანაპიროებთან ბინადრობს.
  • ამ სახეობის პოპულაცია 120-დან 170 ათასამდე მერყეობს. 

სამეცნიერო გამოცემაში Marine Mammal Science გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელშიც ნაცრისფერი სელაპი ფარფლებით ტაშის დაკვრის პროცესშია დაფიქსირებული. ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარის, ბენ ბურვილის თქმით, ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში მობინადრე ძუძუმწოვარი ამ გზით შეჯვარების პერიოდში პოტენციური პარტნიორების მოზიდვასა და კონკურენტების დაფრთხობას ცდილობს.

ხმელეთზე მცხოვრები სახეობების მსგავსად, წყლის ძუძუმწოვრები ერთმანეთთან კომუნიკაციას ძირითადად ხმის საშუალებით ამყარებენ. ბევრ მათგანს წყლის ზედაპირზე ცალი ფარფლის ან კუდის ტყლაშუნიც შეუძლია. თუმცა, ნაცრისფერი სელაპების შემთხვევაში, ეს ქცევა სოციალური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. ისინი ტაშს წყალქვეშ და, ადამიანების მსგავსად, ორივე კიდურის ერთმანეთზე დარტყმით უკრავენ.

ბენ ბურვილი და ნაცრისფერი სელაპი. ფოტო: Ben Burville

ბენ ბურვილსა და სხვა მეცნიერებს, სელაპების სიახლოვეს ცურვისას თუ წყალქვეშა მიკროფონების საშუალებით, ამ ძუძუმწოვრების მიერ ტაშის დაკვრის ხმა ადრეც ბევრჯერ ჰქონდათ მოსმენილი. თუმცა, ისინი ამ ხმებს შეცდომით ვოკალურ სიგნალებად მიიჩნევდნენ.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ძუძუმწოვრებზე მორიგი დაკვირვებისას ბურვილმა წყალქვეშ დიდი ზომის მამრი სელაპი შენიშნა, რომელიც ფარფლებით ტაშს უკრავდა და მისთვის კარგად ნაცნობ ხმებს გამოსცემდა. სამწუხაროდ, ის ამას იმდენად სწრაფად აკეთებდა, რომ ბენმა ვიდეოგადაღება ვერ შეძლო. მეცნიერს მთელი 17 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ამ უჩვეულო მოვლენის ვიდეომტკიცებულება მოეპოვებინა. 

ბურვილმა ეს მხოლოდ 2017 წელის ოქტომბერს, ფარნის კუნძულებთან ცურვისას მოახერხა, როდესაც ნაცრისფერმა სელაპმა ტაში პირდაპირ მისი კამერის წინ, ზედიზედ შვიდჯერ დაუკრა. წარმოდგენილ ვიდეოში სწორედ ამ იშვიათი კადრების ნახვას შეძლებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები