Thumbnail

ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა, მეცნიერებმა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 18,3 °C დააფიქსირეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ გაავრცელა. 

წინა რეკორდი 2015 წლის 24 მარტით თარიღდება. მაშინ ამ ადგილზე ჰაერის ტემპერატურამ 17,5 °C შეადგინა. მეტეოროლოგიური სადგური ესპერანსა მონაცემებს 1961 წლიდან აგროვებს.

რეკორდული ტემპერატურა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა, მათი წარმომადგენლების თქმით, ყველა გარემოება არგენტინელი მეცნიერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე მიუთითებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილზე მდებარე ესპერანსას სადგურსა და სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთნაირი ტემპერატურა იყო. 

სადგურ ესპერანსას მდებარეობა ანტარქტიდის კონტინენტზე. ფოტო: Google Earth

ანტარქტიკის ნახევარკუნძული, სადაც რეკორდი დაფიქსირდა, ძალზე სწრაფად თბება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელ 50 წელიწადში იქ ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 3 °C-ით გაიზარდა. მეცნიერების განსაკუთრებულ  შეშფოთებას ანტარქტიკის მყინვარების დნობის სწრაფი ტემპები იწვევს, რამაც შესაძლოა, მსოფლიო ოკეანის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები