Thumbnail

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ SARS-ის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა

  • ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2002-2003 წლების ეპიდემიის დროს მწვავე რესპირატორული სინდრომით (SARS) გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა.

ხუბეის ჯანდაცვის სამსახურმა კვირას კორონავირუსით სიკვდილის 81 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამით ჩინეთის ამ პროვინციაში ვირუსით დაღუპულთა ოფიციალურმა მაჩვენებელმა 780, მსოფლიო მასშტაბით კი 805 ადამიანს მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ მწვავე რესპირატორული სინდრომით (SARS) გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა. 

► ჩინეთში 10 დღეში აშენებულმა საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

SARS მომაკვდინებელი დაავადებაა, რომლის ეპიდემიამაც 2002-2003 წლებში ჩინეთში იფეთქა. მაშინ მისი ვირუსით 8098 ადამიანი დაინფიცირდა, 774 კი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გარეთ დაავადებით დაღუპვის მხოლოდ ორი შემთხვევა ჰონგ კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა.

იმის მიუხედავად, რომ ახალი კორონავირუსით ამ დროისთვის მეტი ადამიანია გარდაცვლილი, SARS-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც უფრო მაღალია და 9 პროცენტს შეადგენს. შედარებისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ 2 პროცენტამდე იღუპება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ფოტო: New York Times

10 თებერვლისთვის ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით 40,171 ადამიანია ინფიცირებული. დაავადების ნიშნები 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დააფიქსირეს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი შემთხვევა სინგაპურსა და ჰონგ კონგშია აღწერილი.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11 მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეულ მაცხოვრებელი ვალდებულია ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის ჩააბაროს. კორონავირუსისგან გარდაცვლილებს კი ყოველგვარი სამგლოვიარო რიტუალის გარეშე კრემატორიუმებში წვავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები