Thumbnail

ნახეთ: მუმბაის პოლიცია ჭკვიანი შუქნიშნებით ხმაურიან მძღოლებს სჯის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • მაჰარაშტრას შტატის დედაქალაქი მუმბაი ინდოეთის ფინანსური და კულტურული ცენტრია. 
  • გაეროს 2018 წლის მონაცემებით, მუმბაის მოსახლეობა 20 მილიონია, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ქალაქად აქცევს.
  • 1995 წლამდე მუმბაის ოფიციალურად ბომბეი ეწოდებოდა. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს ინდოეთის კინოინდუსტრიის ცენტრი ბოლივუდი. 

მრავალმილიონიანი მუმბაის ქუჩები მუდამ ტრანსპორტითაა გადატვირთული. მოუთმენელი მძღოლები მანქანის ხმოვან სიგნალს ხშირად იყენებენ, რის გამოც ქალაქში ყოველთვის აუტანელი ხმაურია. პრობლემის გადასაჭრელად მუმბაის პოლიციამ მახვილგონივრული გამოსავალი მოიფიქრა და ქალაქის რამდენიმე შუქნიშანზე ხმაურის დეტექტორები დაამონტაჟა. 

მოწყობილობა გზაჯვარედინზე ხმაურის დონეს ზომავს. იმ შემთხვევაში, თუ ის 85 დეციბელს გადააჭარბებს, შუქნიშანზე წითელი ფერი არ შეიცვლება. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ხმოვან სიგნალს გამოიყენებენ მძღოლები, მით უფრო დიდხანს არ მიეცემათ გზის გაგრძელების საშუალება. იქვე დამონტაჟებულ ეკრანებზე კი ჩანს წარწერა - "მეტი სიგნალი, მეტი ლოდინი".

წარწერა მუმბაის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე - "მეტი სიგნალი, მეტი ლოდინი". ფოტო: Mumbai Traffic Police

"ჩვენ მძღოლებისთვის სწორედ ამის თქმა გვინდოდა - ხმოვანი სიგნალები და ხმაური საცობს ვერ განტვირთავს. ტრანსპორტის ნაკადი თვითონ დაიძრება, როდესაც ამის დრო მოვა“, - აცხადებს გამოცემა The New York Times-თან საუბარში მუმბაის პოლიციის წარმომადგენელი, პრანაია აშოკი.

მუმბაის რამდენიმე გზაჯვარედინზე ხმაურის დეტექტორების დამონტაჟება საპილოტე პროექტის ნაწილი იყო, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლიცია სიახლეს მთელ ქალაქში დანერგავს. ინდოელი სამართალდამცველების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო კი, რომელშიც დაბნეული მძღოლები ავტომანქანებიდან გადმოდიან და ერთმანეთს ხმოვანი სიგნალების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ვირუსული გახდა და უკვე რამდენიმე მილიონი ნახვა დააგროვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები