Thumbnail

ქალაქ ბესემერში მარიხუანის ნარგავების აღმოსაჩენად სუნის დეტექტორი შეიძინეს

  • რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია ურუგვაიში, კანადაში, საქართველოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აშშ-ის 11 შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში. 

მიჩიგანის შტატის ქალაქ ბესემერის ხელისუფლებამ 3,400 დოლარად ღირებული მოწყობილობა Nasal Ranger შეიძინა, რომლითაც ჰაერში სუნის კონცენტრაციის გაზომვაა შესაძლებელი. ქალაქის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მეგაფონის ფორმის მქონე ეს აპარატი მათ მარიხუანის უკანონო კულტივაციასთან ბრძოლაში დაეხმარება. 

"ბესემერი ყარს. მთელ ქალაქში იგრძნობა მარიხუანის სუნი. ადამიანები საკუთარ ეზოებში ვეღარ ჩერდებიან, რადგან მეზობლებისგან მომავალი აუტანელი სუნი აწუხებთ“, - განაცხადა ქალაქის საბჭოს წევრმა, ლინდა ნელსონმა.

2018 წლის დეკემბერში, მიჩიგანის შტატში რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. 21 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს 12 ძირი კანაფის გაზრდის უფლება მიეცათ. მცენარის მოყვანა მხოლოდ საკუთარი სახლში, დახურულ სივრცეშია ნებადართული. თუმცა, ხელისუფლება ეჭვობს, რომ ბევრი კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილება და მარიხუანას ღია ცის ქვეშ, დაშვებულზე გაცილებით მეტი რაოდენობით ზრდის.

მარიხუანის ლეგალური სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბესემერის ქალაქის საბჭომ სუნის დეტექტორი სწორედ ამ უკანონო ნარგავების გამოსავლენად შეიძინა. სპეციალური ინსპექციის თანამშრომლები Nasal Ranger-ის მეშვეობით ქალაქში მონიტორინგს განახორციელებენ და კანაფის არალეგალური კულტივაციის კერებს აღმოფხვრიან. 

მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება ლეგალიზებულია ამერიკის 11 შტატში (ალასკა, კალიფორნია, კოლორადო, ილინოისი, მენი, მასაჩუსეტსი, მიჩიგანი, ნევადა, ორეგონი, ვერმონტი და ვაშინგტონი), კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებსა და გუამზე. მისი კომერციული გავრცელება ნებადართულია ყველა ზემოხსენებულ იურისდიქციაში, ვერმონტისა და კოლუმბიის ფედერალური ოლქის გარდა. აშშ-ის კიდევ 15 შტატში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. სამედიცინო მიზნებით მისი გამოყენება კი ნებადართულია 33 შტატში, 4 ტერიტორიასა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში. 

კომენტარები

ბოლო ამბები