Thumbnail

ჩინეთის წამყვანი კომპანიები Google Play-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან

ნინო გიორგობიანი
  • Xiaomi, Oppo და Vivo აპლიკაციების ონლაინ-მაღაზიის Google Play  ალტერნატივას შექმნიან.
  • ახალი პლატფორმა ჩინეთის გარეთაც იმუშავებს, რამაც, შესაძლოა, მომავალში Google Play-ის პირველობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.

სმარტფონების მწარმოებელი წამყვანი ჩინური კორპორაციები Xiaomi და BBK Electronics (Oppo და Vivo) ერთობლივი ძალებით Google Play-ის ალტერნატივას შექმნიან. 

Global Developer Service Alliance (GDSA)-ის სახელით ცნობილი გაერთიანება თამაშების, მუსიკის, ფილმების, წიგნებისა და სხვა აპლიკაციების მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში დაეხმარება. ახალი პლატფორმის საშუალებით დეველოპერები აპლიკაციების ატვირთვას ერთდროულად სამივე კომპანიის ონლაინ-მაღაზიის კატალოგებში შეძლებენ.

პლატფორმის ამოქმედება მიმდინარე წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ამ თარიღმა შეიძლება, გაურკვეველი ვადით გადაიწიოს. 

სააგენტო Reuters-ის ცნობით, გაერთიანებაში კიდევ ერთი ჩინური კორპორაცია Huawei Technologies მოაზრებოდა, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაკისრებული სანქციების გამო, Google-ის სერვისებზე წვდომა შეეზღუდა. თუმცა, პროექტში მისი მონაწილეობა ამ ეტაპზე არ დასტურდება. 

GDSA-ის პლატფორმა თავდაპირველად ცხრა ქვეყანაში - ჩინეთში, ინდოეთში, ვიეტნამში, ტაილანდში, მალაიზიაში, ფილიპინებში ინდონეზიაში, ესპანეთსა და რუსეთში იმუშავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები