Thumbnail

Airbnb ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფსიქოპატ სტუმრებს გამოავლენს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • Airbnb დაჯავშნის გლობალური სისტემაა, რომელიც 2008 წელს კალიფორნიის ქალაქ სან ფრანცისკოში შეიქმნა. 
  • 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის მომსახურებით ყოველდღიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სარგებლობს. 

Evening Standard-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯავშნის გლობალურმა სისტემამ Airbnb შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით მომხმარებელთა მონაცემებს შეისწავლის და პოტენციურად არასასურველ სტუმრებს გამოავლენს. ასეთად ფსიქოპატები და ის პიროვნებები ჩაითვლებიან, რომლებსაც ნარცისიზმის ან მაკიაველიზმის ნიშნები ახასიათებთ. 

გამოცემის ცნობით, ლონდონში უძრავი ქონების რამდენიმე მფლობელმა Airbnb-ის საჩივრით მიმართა. მათ შორის იყო ქალი, რომლის თქმითაც, მისი 2.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინა ნარკოტიკებით გაბრუებულმა ასობით რეივერმა დაარბია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის მოტყუებით ვითომდა უწყინარი ოჯახური წვეულებისთვის დაიქირავეს. 

სტუმრის სანდოობის შეფასების მოდელი. ფოტო: Trooly

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია საფრთხეების ანალიზისას ყურადღებას ისეთ დეტალებს აქცევს, როგორიცაა პიროვნების ნასამართლეობა, ჯარიმები საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პროვოკაციული ან სიძულვილის ენის შემცველი პოსტები, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, საეჭვო ორგანიზაციების წევრობა და სხვა. ამის გარდა, ალგორითმი ინტერესის ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ახალი ამბების საიტებსა და სხვადასხვაგვარ ბლოგებზე იძიებს. 

Airbnb-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ასეთი ტექნოლოგიის არსებობა, თუმცა, კომპანიის მიერ მისი გამოყენების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

"Airbnb-ის თითოეული ჯავშანი მხოლოდ ყველა რისკის შეფასების შემდეგ დასტურდება. უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით, ჩვენ ასობით მონაცემს შევისწავლით, რაც არასასურველი კლიენტების გამოვლენაში გვეხმარება“, - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.

დაჯავშნის გლობალურ სისტემას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კომპანია Trooly  ეხმარება. სამი ინდოელი მეწარმის მიერ კალიფორნიაში დაფუძნებული სტარტაპი Airbnb-მ 2017 წელს შეისყიდა. ახალი ტექნოლოგია სწორედ Trooly-ის გუნდმა შეიმუშავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები