Thumbnail

iPhone-ის ძველი მოდელების შენელებისთვის Apple 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

  • საფრანგეთის კონკურენციისა და თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტომ კორპორაცია Apple 25 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
  • ამერიკულ კომპანიას ბრალი iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის მიზანმიმართულ შენელებაში დასდეს. 

ელექტროტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის მიზანმიმართულ გაუარესებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთის კონკურენციისა და თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს დასკვნით, ოპერაციული სისტემის მუდმივი განახლებით, Apple მომხმარებლებს ახალი სმარტფონებისა და მათთვის განკუთვნილი ელემენტების შეძენას აიძულებდა. 

"სმარტფონების მფლობელებს არ აცნობეს იმის შესახებ, რომ iOS-ის ოპერაციული სისტემის განახლებები (10.2.1 და 11.2) მათი iPhone-ების მუშაობას შეანელებდა. მომხმარებლებს არ შეეძლოთ სისტემის ძველ ვერსიაზე დაბრუნება, რის გამოც იძულებული იყვნენ, მოწყობილობაში ელემენტი შეეცვალათ ან ახალი ტელეფონი შეეძინათ", - ნათქვამია განცხადებაში. 

iPhone SE. ფოტო: Reuters

გამოძიება 2017 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც iPhone 6-ის, iPhone SE-ის და iPhone 7-ის მფლობელებმა შენიშნეს, რომ სისტემის განახლებამ მათი ტელეფონების მუშაობა შეანელა. Apple-ის პროდუქციის დაახლოებით 15 ათასი ფრანგი მომხმარებელი გაერთიანდა და მარეგულირებელ ორგანოს საჩივრით მიმართა. 

გამოძიების დაწყებიდან მცირე ხანში, Apple-მა აღიარა, რომ ხელოვნურად ანელებდა iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობას და განმარტა, რომ ამ პრაქტიკას მათი ელემენტების სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად მიმართავდა. რის შემდეგაც ძველი სმარტფონების მფლობელებს შეღავათიან ფასად ელემენტების შეცვლა შესთავაზა. 

კონკურენციის საკითხებისა და თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, Apple-მა ჯარიმის გადახდასთან ერთად, საკუთარ ვებგვერდზე უნდა განათავსოს განცხადება, რომლითაც მოხმარებლებს არსებული პრობლემის შესახებ გააფრთხილებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები