Thumbnail

შორეული გალაქტიკიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება შენიშნეს

თემო ლეგაშვილი
  • შორეული გალაქტიკებიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალები მეცნიერებმა პირველად 2007 წელს დააფიქსირეს.
  • უცნობი წარმოშობის სწრაფ რადიოსიგნალებს შეუძლიათ, წამის მეათასედში გამოასხივონ იმდენი ენერგია, რამდენსაც ჩვენი მზე თითქმის საუკუნის განმავლობაში გამოსცემს. 

კორნელის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კანადაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა შორეული გალაქტიკიდან დედამიწისკენ მომავალ სწრაფ რადიოსიგნალებში, ისტორიაში პირველად, კანონზომიერება გამოავლინა. მათი განცხადებით, სიგნალები 16.35-დღიანი შუალედით მეორდება. 

სწრაფი რადიოსიგნალი, რომელსაც სახელად FRB 180916.J0158+65 უწოდეს, სპირალური გალაქტიკიდან მოდის. ის ჩვენი პლანეტიდან 500 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. 

2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, კანადური რადიოტელესკოპის CHIME საშუალებით, მეცნიერებმა სწრაფი რადიოსიგნალების 28 ციკლი აღრიცხეს. სიგნალი 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით საათში ერთხელ ფიქსირდებოდა. 12-დღიანი პაუზის შემდეგ კი, ციკლი თავიდან იწყებოდა.

"იმის ცოდნა, რომ ჩვენ მიერ მიღებული სწრაფი რადიოსიგნალები 16,35-დღიანი პერიოდულობით მეორდება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მათი წარმოშობის წყაროს დასადგენად" - აღნიშნავენ მეცნიერები.

რადიოტელესკოპი CHIME. ფოტო: Andre Renard

ღრმა კოსმოსიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალები პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს. როგორც წესი, ისინი სულ რამდენიმე მილიწამის, ზოგჯერ კი უფრო მცირე დროის განმავლობაში გრძელდება.

დღემდე ამგვარი სიგნალების მიღების ასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან უმეტესობა ერთჯერადი იყო. არაერთი ვარაუდის მიუხედავად, ასტროფიზიკოსებისთვის მათი წარმომავლობა ჯერჯერობით ამოუხსნელ ფენომენად რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები