Thumbnail

ჰაკერებმა ფეისბუქისა და მესინჯერის ოფიციალური ანგარიშები გატეხეს

ნინო გიორგობიანი
  • OurMine ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელსაც არაერთი ცნობილი პიროვნებისა თუ კომპანიის სოციალური მედიის ანგარიში აქვს გატეხილი.
  • ჰაკერთა ამ დაჯგუფების მსხვერპლთა შორის Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ  დორსი, Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, ასევე კომპანიები Netflix და ESPN არიან. 

ქალაქ დუბაიდან მოქმედმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Facebook-ისა და Messenger-ის ოფიციალური ინსტაგრამის და ტვიტერის ანგარიშები გატეხა. 

"გამარჯობა, ჩვენ OurMine ვართ. დიახ, ფეისბუქის გატეხვაც კი შესაძლებელია, თუმცა, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ტვიტერი", - ასეთი შეტყობინება დატოვეს ჰაკერებმა Facebook-ის ტვიტერზე.  

Facebook-ისა და Messenger-ის ინსტაგრამის ანგარიშებზე კი დაჯგუფების ლოგო იყო ატვირთული.  

ჰაკერების მიერ Facebook-ის ტვიტერის ანგარიშზე დატოვებული შეტყობინება.

Twitter-მა დაადასტურა ჰაკერული შეტევის ფაქტი და განაცხადა, რომ ის მესამე მხარის გავლით განხორციელდა. 

"პრობლემის აღმოჩენისთანავე გატეხილი ანგარიშები დავბლოკეთ და ახლა ფეისბუქის წარმომადგენლებთან ერთად მათ აღდგენაზე ვმუშაობთ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მცირე ხნით ადრე, მსგავსი შეტევა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდების ანგარიშებზე განხორციელდა. ვარაუდობენ, რომ ჰაკერებმა მათი გატეხვა მარკეტინგული პლატფორმა Khoros-ის საშუალებით შეძლეს, რომელიც ბიზნესოპერატორებს სოციალური მედიის მართვაში ეხმარება და შესაბამისად, მათ პაროლებზე აქვს წვდომა.

Khoros-ის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

თავად კიბერდამნაშავეები კი ირწმუნებიან, რომ ჰაკერული შეტევები უსაფრთხოების სისტემის ხარვეზების გამოვლენისკენაა მიმართული და დაზარალებულებს მათ აღმოსაფხვრელად საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები