Thumbnail

Samsung-მა Galaxy S20-ის სერიის სმარტფონები წარადგინა

  • Samsung-მა სამი ახალი სმარტფონი Galaxy S20, S20+ და S20 Ultra გამოუშვა.
  • ტელეფონების ფასი 999-დან 1599 დოლარამდე მერყეობს. 

კომპანია "სამსუნგმა" ახალი სმარტფონები Galaxy S20, S20+Galaxy S20 Ultra გამოუშვა. 120-ჰერციანი ეკრანის მქონე მოწყობილობებს ახალი, უსწრაფესი 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნებათ, თუმცა, ფულის დაზოგვის მიზნით, 4G ინტერნეტზე მომუშავე S20-ის ყიდვაც შეგიძლიათ.

ტელეფონების ფასი 999 დოლარიდან იწყება და მოდელებისა თუ სპეციფიკაციების მიხედვით განსხვავდება. საუკეთესო მახასიათებლების მქონე Galaxy S20 Ultra-ს ღირებულება 1599 დოლარი იქნება.

Samsung Galaxy S20-ის სერიის სმარტფონები.

ახალი ფლაგმანის საბაზისო მოდელის Galaxy S20 ეკრანი 6,2 დიუმია. ის შავ მართკუთხედში მოქცეული სამი უკანა კამერითაა აღჭურვილი. სიახლე ისაა, რომ სტანდარტული, 12-მეგაპიქსელიანი კამერების გარდა, აქ 64-მეგაპიქსელიან, 30x ზუმის მქონე ახალ ტელეფოტო კამერასაც ვხვდებით. სელფის კამერა 10 მეგაპიქსელია, ელემენტის ტევადობა კი 4000 mAh. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 8GB, შიდა მეხსიერება კი 128GB-ია. 

Galaxy S20+ ოდნავ დიდი, 6,7 დიუმიანი ეკრანით გამოირჩევა. მას მეოთხე, ე.წ. სიღრმის კამერა აქვს დამატებული, რომელსაც 3x ოპტიკური ზუმი აქვს. სელფის კამერა აქაც 10 მეგაპიქსელია, ელემენტის მოცულობა კი 4500 mAh-დეა გაზრდილი. ოპერატიული მეხსიერება აქაც 8GB-ია, შიდა მეხსიერება კი 128GB. 

Galaxy S20 Ultra-ს ეკრანის ზომა 6,9 დიუიმია. სმარტფონის ოთხი უკანა კამერიდან ერთ-ერთის გარჩევადობა 108 მეგაპიქსელია და 100x ზუმი აქვს, სელფის კამერა კი 40 მეგაპიქსელია. ტელეფონს 5000 mAh ელემენტი აქვს, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობისაა. ოპერატიული მეხსიერება 16GB-მდე აღწევს, შიდა მეხსიერება კი 512GB-ს. 

ამ სერიის ყველა მოდელს 8K ვიდეოს გადაღება და ჩაწერა შეუძლია. მათ არ აქვთ ყურსასმენების ბუდე. სუპერ სწრაფი დამტენით კი ძალიან მალე იმუხტებიან. 

Galaxy S20 სერიის ახალი ტელეფონების წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. პირველ მყიდველებს ისინი მარტის დასაწყისში მიეწოდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები