Thumbnail

ბრაზილიაში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტში, პამპულას ხელოვნურ ტბაში, მეცნიერებმა დღემდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს. მისი დნმ-ის 90% ისეთი გენებისგან შედგება, რომლებიც აქამდე შესწავლილი არ არის. 

რამდენიმე წლის წინ მკვლევართა ჯგუფი ტბაში იმ გიგანტურ ვირუსებს ეძებდა, რომლებიც იქ გავრცელებულ ერთუჯრედიან ორგანიზმებს - ამებებს აინფიცირებდნენ. თუმცა, შეგროვებული მასალის ლაბორატორიული ანალიზისას, მათ ხელთ გაცილებით მცირე ზომის ნაწილაკი შერჩათ. 

ახალი ვირუსის დიამეტრი მხოლოდ 80 ნანომეტრია, მაშინ, როდესაც ამებების მაინფიცირებელი ყველა სხვა დღეისთვის ცნობილი ვირუსი გაცილებით დიდია. მეცნიერების მიერ უკვე შესწავლილ გენებთან მსგავსებას მისი 74 გენიდან მხოლოდ 6 ავლენს. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქმე ერთ დროს გიგანტურ ვირუსთან გვქონდეს, რომელმაც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, ზომაში ცვლილება განიცადა.

ბრაზილიაში, პამპულას ხელოვნურ ტბაში აღმოჩენილი იარავირუსი . ფოტო: bioRxiv

ვირუსს ბრაზილიაში მცხოვრები ტუპი-გუარანის ტომების მიერ შეთხზული ლეგენდების პერსონაჟის, წყლის ქალღმერთ იარას პატივსაცემად "იარავირუსი" დაარქვეს. ის ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, პამპულას ტბაშია დაფიქსირებული.

ამ ეტაპზე იარავირუსს აქტიურად იკვლევენ, თუმცა, პროგნოზს მისი გავრცელების პერსპექტივის შესახებ, მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აკეთებენ. ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ვირუსი ადამიანის უჯრედებს არ აინფიცირებს. 

აღსანიშნავია, რომ ეს ბრაზილიის წყალსატევებში სიცოცხლის არაუჯრედული ფორმის უცნობ წარმომადგენელთა პოვნის ერთადერთი შემთხვევა არ არის. ორი წლის წინ მეცნიერებმა იქ გიგანტური ვირუსი - ტუპანვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ასევე კვლევის პროცესშია.

კომენტარები

ბოლო ამბები