Thumbnail

ბოლო წლებში ბავშვები მეტ ქალ მეცნიერს ხატავენ

ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ მილერმა ბავშვების მიერ 5 ათწლეულის განმავლობაში შექმნილი 20 ათასზე მეტი ნახატის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ დროსთან ერთად ბავშვებში მეცნიერის სქესის აღქმა რადიკალურად შეიცვალა.

ადრე თეთრ ხალათში, მიკროსკოპთან ან სინჯარებით ხელში ბავშვები ძირითადად მამაკაცებს ხატავდნენ. ბოლო წლებში კი, მათ ნამუშევრებში ქალ მეცნიერთა რაოდენობა საშუალოდ 28 პროცენტით გაიზარდა.

მხოლოდ გოგონების ნახატების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 58 პროცენტს აღწევს. თუმცა, ტენდენციის მკვეთრი ცვლილების მიუხედავად, დღევანდელი ბავშვები მაინც, სულ მცირე, ორჯერ მეტ მამრობითი სქესის მეცნიერს ხატავენ.

ფოტო: Vasila Christidou

მილერმა და მისმა კოლეგებმა ბოლო 50 წლის განმავლობაში განხორციელებული 78 სხვადასხვა კვლევა შეისწავლეს. მათ შორის, სოციოლოგ დევიდ ჩემბერსის მიერ 1966-1977 წლებში ჩატარებული, კლასიკად ქცეული "დახატე მეცნიერი". მაშინ 5 ათასამდე კანადელი და ამერიკელი ბავშვიდან უმეტესობამ (99,4 %) ფურცელზე მამაკაცი გამოსახა, ქალი მეცნიერი კი მხოლოდ 28 გოგონამ დახატა.

მილერის აზრით, მეცნიერის სქესის შესახებ ბავშვებში არსებული სტერეოტიპის ამგვარი ცვლილება მეცნიერების სხვადასხვა დარგში ქალთა დასაქმების ზრდამ და ტელეშოუებში ამ სქესის მეცნიერი პერსონაჟების გამოჩენამ განაპირობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები