Thumbnail

ირანმა ჰელოუინის კოსტიუმი ასტრონავტის სამოსად გაასაღა

ირანის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, მოჰამად-ჯავად აზარი ჯაჰრომიმ ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც, მისი თქმით, ირანელი ასტრონავტების კოსტიუმი იყო გამოსახული.

ცოტა ხანში ტვიტერის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ მინისტრმა ასტრონავტების სამოსად ჰელოუინისთვის განკუთვნილი კოსტიუმი გაასაღა, რომელიც "ამაზონსა" და "ვოლმარტზე" 23 დოლარად იყიდება.

ინტერნეტმომხმარებლებმა ასტრონავტის ყალბი სამოსი მოხსნილი სამკერდე ნიშნებისგან დარჩენილი კვალით ამოიცნეს. მათი მრგვალი და მართკუთხა მოხაზულობა ზუსტად ემთხვევა ჰელოუინის კოსტიუმზე გამოსახული ლოგოების ფორმას. 

ირანელი მინისტრის პოსტი ტვიტერზე და NАSA-ს კოსტიუმი ჰელოუინისთვის, რომელიც "ამაზონზე" 23 დოლარი ღირს.

არაერთი დამცინავი კომენტარის შემდეგ, ირანელმა მაღალჩინოსანმა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტი წაშალა.

მოჰამად-ჯავად აზარი ჯაჰრომი, რომელიც 2002-2009 წლებში ქვეყნის უშიშროების სამსახურში სხვადასხვა მმართველ თანამდებობებს იკავებდა, პრეზიდენტ ჰასან რუჰანის კაბინეტში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია. ის უშუალოდ იყო ჩართული თეირანის რეჟიმის მიერ ინტერნეტში ცენზურის დაწესებაში, რის გამოც 2019 წლის ნოემბრიდან აშშ-ის მთავრობის სანქციების ქვეშ მოექცა. 

ირანმა კოსმოსური სააგენტო 2004 წელს დააფუძნა და დედამიწის ორბიტის გარშემო რამდენიმე თანამგზავრიც გაუშვა, თუმცა, ამ დროისთვის ქვეყანას არცერთი ასტრონავტი არ ჰყავს. ირანული კოსმოსური აპარატის, Zafar 1-ის აფრენის ბოლო მცდელობა კი, 10 თებერვალს კრახით დასრულდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები