Thumbnail

სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაციისგან მოდიოდეს

თემო ლეგაშვილი

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ავი ლოები არ გამორიცხავს, რომ რადიოტელესკოპებით დაფიქსირებული ციკლური სწრაფი რადიოსიგნალები არამიწიერი ცივილიზაციისგან მოდიოდეს.

"დღეისთვის ჩვენ არ გვაქვს არცერთი ხელშესახები მტკიცებულება, რომლითაც სწრაფი რადიოსიგნალების ბუნებას ავხსნიდით. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ისიც, რომ ისინი ხელოვნური წარმოშობისაა", - აღნიშნა მეცნიერმა გამოცემა Futurism-თან საუბარში. 

პროფესორის თქმით, რადიოსიგნალების წარმოშობის წყარო ასევე შეიძლება, ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავი ან ამ დრომდე უცნობი ბუნებრივი ფენომენი იყოს. 

დედამიწიდან 500 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან სწრაფი რადიოსიგნალები მოდის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კანადაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა შორეული გალაქტიკიდან დედამიწისკენ მომავალ სწრაფ რადიოსიგნალებში კანონზომიერება გამოავლინა. მათი განცხადებით, სიგნალები 16.35-დღიანი შუალედით მეორდება. მეცნიერებმა სწრაფი რადიოსიგნალების 28 ციკლი აღრიცხეს. სიგნალი 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით საათში ერთხელ ფიქსირდებოდა. 12-დღიანი პაუზის შემდეგ კი, თავიდან იწყებოდა.

► ნახე: შორეული გალაქტიკიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება შენიშნეს

სწრაფი რადიოსიგნალი, რომელსაც სახელად FRB 180916.J0158+65 უწოდეს, სპირალური გალაქტიკიდან მოდის. ის ჩვენი პლანეტიდან 500 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. 

შორეული გალაქტიკებიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალები მეცნიერებმა პირველად 2007 წელს დააფიქსირეს. დღემდე, მათი მიღების ასამდე შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან უმეტესობა ერთჯერადი იყო. მათი წარმომავლობა ჯერჯერობით ამოუხსნელ ფენომენად რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები