Thumbnail

Nikon-მა ფოტოაპარატის ახალი მოდელი D6 დააანონსა

კახა მშვიდობაძე
  • Nikon-მა ფოტოაპარატის ახალი მოდელი D6 წარმოადგინა. 
  • მისი ფასი ამერიკის ბაზარზე 6,499 დოლარი იქნება, გაყიდვები კი აპრილიდან დაიწყება. 

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Nikon-მა ოფიციალურად დააანონსა ახალი მოდელი - D6 და დაადასტურა კამერის მონაცემები. ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვისაა გამოშვებული და მისი რეალური ტესტიც ამ ღონისძიებაზე შედგება. რამდენად გაამართლებს ახალი კამერა "ნიკონის" თაყვანისმცემელთა იმედებს, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. მანამდე კი გავეცნოთ იაპონური კომპანიის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს. 

Nikon-ის წინა მოდელი - D5, რომელიც კომპანიამ 4 წლის წინ გამოუშვა, ფოტოგრაფებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. D6 თავისი წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდება. ის ძირითადად სპორტული ღონისძიებებისა და ველური ბუნების გადასაღებად არის გათვლილი, ისევე, როგორც მისი კონკურენტი Canon 1DX III, თუმცა, ამ უკანასკნელის ვიდეო შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე "ნიკონის" ახალი მოდელის (მაგალითად, კამერაში RAW Light ფორმატით ჩაწერის მხარდაჭერა).

ფოტო: Nikon D6

მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ, რას გვთავაზობს Nikon D6: 

  • ისეთივე 20.8 MP FX CMOS სრულფორმატიან სენსორს, როგორიც Nikon D5-შია.
  • ISO მაჩვენებელს 100 - 102 400, გაძლიერების შემთხვევაში - 3.2 მილიონი.
  • ახალ პროცესორს EXCEED 6, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია 14 კ/წ-ში გადაღება (მექანიკური შათერით) სრული AF და AE მხარდაჭერით.
  • ახალ AF სისტემას, რომელიც Nikon-ის ისტორიაში "ყველაზე მძლავრ სისტემად" ითვლება. 
  • ავტოფოკუსის 17 არჩევით ჯგუფს 105 AF წერტილით.
  • იყენებს CFExpress და XQD მეხსიერების ბარათებს.
  • კამერა არის ამინდგამძლე, აქვს WiFi/Bluetooth და ჩაშენებული GPS.

ვიდეომოყვარულებისთვის სიახლე, ფაქტობრივად, არ არის. კამერა იყენებს MOV ან MP4 ფორმატებს და აქვს 4K 30p-ის ჩაწერის შესაძლებლობა. Full HD-ის შემთხვევაში კადრების რაოდენობა მხოლოდ 60p-ია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Live View რეჟიმში ფაზური ავტოფოკუსი (Phase detection AF) არ მუშაობს .

შეძლებს თუ არა ახალი Nikon D6 კონკურენცია გაუწიოს თავის უშუალო კონკურენტ Canon 1DX III-ს, ამას, სავარაუდოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გვაჩვენებს. კამერის გაყიდვები 2020 წლის აპრილიდან დაიწყება და მისი ფასი ამერიკის ბაზარზე 6,499 დოლარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები