Thumbnail

NASA-მ მომავალი ასტრონავტების მიღება გამოაცხადა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

NASA-მ მომავალი ექსპედიციებისთვის ასტრონავტების მიღება გამოაცხადა. მთვარესა და მარსზე დაგეგმილ მისიებში მონაწილეობის მისაღებად, მსურველები რეგისტრაციას 2-დან 31 მარტამდე გაივლიან. განაცხადის შეტანასთან ერთად, კანდიდატებს ახალი, ორსაათიანი ონლაინ ტესტის გავლა მოუწევთ.

ჯგუფის დაკომპლექტება 2021 წელს დასრულდება. მომავალი ასტრონავტების სწავლების დრო ორი წლითაა განსაზღვრული. მათ ღია კოსმოსში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სისტემას, საწვრთნელი რეაქტიული თვითმფრინავის, T-38-ის მართვას, რუსულ ენასა და სხვა საჭირო ინფორმაციას შეასწავლიან.

2017 წლის მოწვევის კურსდამთავრებული ასტრონავტები, რომლებიც კოსმოსურ მისიებში 2020 წლიდან ჩაერთვებიან. ფოტო: NASA

როგორც წესი, ახალწვეულთა დაახლოებით ნახევარი შეიარაღებული ძალებიდან, კერძოდ, სამხედრო ავიაციიდან მოდის. პირველი ამერიკელი ასტრონავტი, ალან შეპარდი და პირველი ადამიანი მთვარეზე, ნილ არმსტრონგი სწორედ ექსპერიმენტული თვითმფრინავების გამომცდელი პილოტები იყვნენ.  

შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი, სამეცნიერო ხარისხი ინჟინერიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინფორმატიკის, მედიცინის ან მათემატიკის დარგში, რასაც უნდა ემატებოდეს პროფესიით მუშაობის 3-წლიანი, პილოტების შემთხვევაში კი, თვითმფრინავის მართვის 1000-საათიანი გამოცდილება და სხვა. აუცილებელი მოთხოვნების დეტალური ჩამონათვალი NASA-ს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასტრონავტების ხელფასი, სამოქალაქო პირთა შემთხვევაში, 53 ათასიდან 70 ათას დოლარამდეა. 1960 წლიდან დღემდე NASA-ს სასწავლო კურსები 350 ადამიანს აქვს გავლილი. ამჟამად გუნდი 48 მოქმედი ასტრონავტისგან შედგება, რომელთაც უახლოეს მომავალში ახალწვეულებიც შეუერთდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები