Thumbnail

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თაგვებზე გამოსცადეს

ნინო გიორგობიანი

ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მეცნიერებმა კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა თაგვებზე გამოსცადეს. მკვლევარები რამდენიმე კვირის განმავლობაში მღრღნელების სისხლს დააკვირდებიან და ვირუსზე ანტისხეულების რეაქციას დაადგენენ. მათი მიზანი დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური და უსაფრთხო საშუალების პოვნაა.

ვაქცინის შესაქმნელად ცხოველებსა და ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. შესაბამისად, საბოლოო შედეგს მხოლოდ 2020  წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. 

"ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე პირველები ჩვენ გამოვცდით. ეს ჩვენი მიზანია. რამდენიმე თვეში, კვლევის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, ცდებს უკვე ადამიანის ორგანიზმზე ჩავატარებთ, რასაც ასევე თვეები დასჭირდება. ვაქცინის მიღებას კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დასასრულს შევძლებთ“, -  განაცხადა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევარმა, პოლ მაკქეიმ.

ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევარი, პოლ მაკქეი კორონავირუსის დნმ-ის ფრაგმენტების შემცველი ბაქტერიით ხელში. ფოტო: AFP

კორონავირუსთან დაკავშირებით წარმოებული კვლევების უმეტეს ნაწილს 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია Coalition for Epidemic Preparedness Innovations აფინანსებს. გაერთიანება შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩამოყალიბდა და მისი მიზანი საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მხარდაჭერაა. თუმცა, ლონდონის იმპერიალ კოლეჯი აღნიშნული ორგანიზაციის პარტნიორ მკვლევართა ჯგუფებთან არ თანამშრომლობს და პრობლემის გადაწყვეტას საკუთარი ძალებით ცდილობს. 

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. კორონავირუსით უკვე 60 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 1369 კი დაღუპული. მისი ადრეული სიმპტომები სურდო, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეულ მაცხოვრებელი ვალდებულია ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის ჩააბაროს. კორონავირუსისგან გარდაცვლილებს კი ყოველგვარი სამგლოვიარო რიტუალის გარეშე კრემატორიუმებში წვავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები