Thumbnail

ჩრდ. კორეაში კარანტინის დარღვევის გამო მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს

სამხრეთკორეული გამოცემის Dong-А Ilbo ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში კარანტინის დარღვევისთვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს. 

კორონავირუსის ეპიდემიისგან თავდაცვის მიზნით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ჩინეთიდან ჩამოსულ ან ჩინეთის მოქალაქეებთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს კარანტინში ათავსებს. მათ შორის მოხვდა პეკინში საქმიანი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული კორეელი მაღალჩინოსანიც. გამოცემა იუწყება, რომ მან კარანტინის წესები დაარღვია და საზოგადოებრივ აბანოს ესტუმრა, რის გამოც დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ჩრდ. კორეის პრემიერმინისტრი საგანგებო შტაბის სხდომაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავს. ფოტო: AP

რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია დამალა, შრომით ბანაკში გააგზავნეს. მედიის ცნობით, ის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ ქვეყანასა და ჩინეთს შორის საზღვარი, ფაქტობრივად, დახურულია. ასევე შეზღუდულია ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული 14 დღის ნაცვლად, ქვეყანაში კარანტინის მოქმედების ვადა 30 დღე იქნება. ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერის, კიმ ჩენ ინის განკარგულებით კი, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც კარანტინს უნებართვოდ დაარღვევს, უმკაცრესად დაისჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები