Thumbnail

Star Wars-ით შთაგონებული სასტუმრო პირველ ვიზიტორებს ელის

კომპანია Disney "ვარსკვლავური ომების" თაყვანისმცემლებისთვის კიდევ ერთ სათავგადასავლო სივრცეს ამზადებს. ფლორიდაში მდებარე გასართობ პარკში საკულტო კოსმოსური საგისადმი მიძღვნილი სასტუმრო Star Wars: Galactic Starcruiser გაიხსნება.

ფეშენებელური სასტუმრო, რომელსაც Halcyon-ის სახელით ცნობილი ვარსკვლავმფრენის Corellian MPO-1400 ფორმა ექნება, პირველი ვიზიტორების მიღებას 2021 წლიდან დაიწყებს. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ნომრების დაჯავშნა უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

სასტუმროს ვარსკვლავმფრენ Halcyon-ის ფორმა ექნება.

პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, დაუვიწყარი თავგადასავალი გალაქტიკათშორისი ლაინერის ბორტზე ორდღიანი იქნება. ის მთავარ ტერმინალში დაიწყება, სადაც ვიზიტორები რეგისტრაციას გაივლიან. კოსმოსურ ხომალდზე მოსახვედრად სტუმრებს საფრენ აპარატში მოათავსებენ, რის შემდეგაც მისი იმიტირებული გაშვება მოხდება. 

საფრენი აპარატის ლაინერთან "მიერთების" შემდეგ, ვიზიტორები მისაღებში მოხვდებიან, სადაც შეძლებენ, აირჩიონ თემატური ოთახები და კომპიუტერული სიმულაციის საშუალებით საკუთარ თავზე გამოსცადონ ის, რისი ნახვის საშუალებაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანებზე ჰქონდათ. 

სასტუმროს მშენებლობა ფლორიდაში 2021 წელს დასრულება.

სასტუმროს ნომერში ერთდროულად ხუთი ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი. მათში როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილებისთვის განკუთვნილი საწოლები იდგება. სტუმრები ვარსკვლავმფრენზე სათამაშო, საკვები და სარეკრეაციო სივრცეებით სარგებლობასაც შეძლებენ. მომსახურე პერსონალი კი "ვარსკვლავური ომების" პერსონაჟების კოსტიუმებში იქნება გამოწყობილი.

ჯორჯ ლუკასის კოსმოსური კინოსაგა, რომლის პირველი ფილმიც 1977 წელს გადაიღეს, კულტურული ფენომენის სტატუსით სარგებლობს და აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ფრენჩაიზის ბოლო, მეცხრე სერიამ The Rise of Skywalker, რომელიც ეკრანებზე 2019 წლის მიწურულს გამოვიდა, მხოლოდ შობა-ახალი წლის პერიოდში შემქმნელებს 32 მილიონი აშშ დოლარი შემოსავალი მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები