Thumbnail

მეცნიერებმა ჭკვიანი ტანსაცმელი შექმნეს, რომელიც ენერგიას ზოგავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ტანსაცმელი, რომელიც პორტატული ელექტრონული მოწყობილობების მუშაობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ახალი გამოგონების წყალობით, უსადენო ყურსასმენები ან სმარტ საათები დატენვის გარეშე გაცილებით დიდხანს ფუნქციონირებენ. მათ მიერ გადაცემული სიგნალი კი თითქმის 1000-ჯერ ძლიერდება.

თანამედროვე პორტატული ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობა სმარტფონებს Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის საშუალებით უერთდება. მათ მიერ გამოსხივებული რადიოტალღები ყველა მიმართულებით ვრცელდება, რის გამოც ენერგიის დიდი ნაწილი ტყუილად იხარჯება.

ჭკვიანი ტანსაცმელი ენერგიის ეკონომიას ამ გამოსხივების შემცირების ხარჯზე ახერხებს. მოწყობილობას სტაბილური კავშირის უზრუნველსაყოფად ძლიერი სიგნალი აღარ სჭირდება, რადგან მეტამასალისგან დამზადებული ანტენა მას 1000-ჯერ აძლიერებს. ამასთანავე, გამაძლიერებელი სხეულიდან მხოლოდ 10 სანტიმეტრის რადიუსში მოქმედებს, რაც პირადი მონაცემების დაცვასაც უწყობს ხელს. 

სინგაპურელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მათი გამოგონება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მასალა, რომლისგანაც ის მზადდება, საკმაოდ გამძლეა, რის გამოც ტანსაცმლის დაკეცვა, გარეცხვა, გაშრობა და დაუთოვებაც კი არის შესაძლებელი. ამასთანავე, ქსოვილი სიიაფითაც გამოირჩევა. ვარაუდობენ, რომ ერთი მეტრის ღირებულება დაახლოებით 7 დოლარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები