Thumbnail

მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნიდერლანდებში მდებარე ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ნეირონული ქსელი, რომელსაც დედამიწისთვის პოტენციურად საშიში ასტეროიდების გამოვლენა შეუძლია.

ჩვენთვის ცნობილი კოსმოსური ობიექტების ბაზის გაანალიზების შემდეგ, პროგრამამ 11 ასტეროიდი გამოჰყო, რომელთა ტრაექტორიაში NASA-ს ასტრონომები ადრე საფრთხეს ვერ ხედავდნენ. თითოეულის დიამეტრი 100 მეტრზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პლანეტასთან შეჯახებისას, მათ სერიოზული კატაკლიზმების გამოწვევა შეუძლიათ. 

ფოტო: ESA

გამოცემა Astronomy & Astrophysics-ის ცნობით, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა სუპერკომპიუტერით მზის სისტემის პლანეტების ორბიტალური მოძრაობის ამსახველი სიმულაციური მოდელი დაამზადეს. შემდეგ კი დედამიწაზე უკვე ჩამოვარდნილი ასტეროიდების ტრაექტორია შეისწავლეს, პლანეტის ზედაპირთან შეჯახებიდან მათი ორბიტის საწყის წერტილამდე. შეიქმნა ასტეროიდთა მოძრაობის ბაზა, რომლის საფუძველზეც ნეირონულმა ქსელმა კანონზომიერებები გამოავლინა და 2131-2923 წლებს შორის დროის პერიოდში დედამიწასთან 11 საშიში კოსმოსური ობიექტის მოახლოება იწინასწარმეტყველა. 

ნეირონული ქსელის მუშაობა მკვლევარებმა NASA-სთვის ცნობილ 2 ათას ასტეროიდზე გამოსცადეს. ხელოვნურმა ინტელექტმა ხიფათის შემცველი ობიექტები 90.99-პროცენტიანი სიზუსტით ამოიცნო. მეცნიერთა თქმით, მომავალში ქსელს შეეძლება, დამოუკიდებლად გააანალიზოს შემოსული მონაცემები და პოტენციურად საშიში ასტეროიდების გამოჩენის შესახებ შეგვატყობინოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები