Thumbnail

ილონ მასკმა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის კომპანიამ SpaceX კოსმოსში 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა. ამით პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი მიკროსატელიტების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.

რაკეტა-მატარებელი Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან აფრინდა და თანამგზავრები პლანეტის დაბალ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა. თუმცა, საფრენი აპარატის პირველი, მრავალჯერადი გამოყენების საფეხური დედამიწაზე დაბრუნებისას დანიშნულების ადგილს ასცდა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა.

ეს შემთხვევა რომ არა, რაკეტის ოთხი გაშვებისას ერთი და იმავე ამაჩქარებლის წარმატებით გამოყენებით, SpaceX რეკორდის დამყარებას შეძლებდა. კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩაძირულ ნაწილს ხმელეთზე უახლოეს დროში ამოიტანენ. 

ილონ მასკის კომპანიის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება.

2018 წელს გაშვებული ორი პროტოტიპის ჩათვლით, ამჟამად კოსმოსში SpaceX-ის 302 მიკროსატელიტი მოძრაობს. პროექტის პირველ ეტაპზე მათი რაოდენობა 1584 იქნება, მომავალში კი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 42 ათასი ხელოვნური თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ.

2020 წელს პროექტ Starlink-ის ფარგლებში კომპანიას სულ 24 გაშვება აქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც,  მისი წარმომადგენლების თქმით, კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფ ინტერნეტს პირველი მომხარებლები მიიღებენ. 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება.  

კომენტარები

ბოლო ამბები