Thumbnail

კორონავირუსმა უხანის საავადმყოფოს დირექტორი იმსხვერპლა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ უხანის საავადმყოფოს დირექტორი, 51 წლის ლიუ ჟიმინი კორონავირუსმა იმსხვერპლა. მისი სპეციალიზაცია ქალა-ტვინის ტრავმების მკურნალობა იყო, თუმცა, COVID-19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მედიკოსი საშიშ ვირუსთან ბრძოლის ავანგარდში მოექცა. 

► კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თაგვებზე გამოსცადეს

ამ თვეში ეს ექიმის კორონავირუსისგან გარდაცვალების უკვე მეორე გახმაურებული შემთხვევაა. 34 წლის ლი ვენლიანგის სიკვდილი 7 თებერვალს დადასტურდა. ლი მსოფლიომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტით გაიცნო, რომელშიც ის ახალი ვირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობდა. მაშინ ჩინეთის ხელისუფლებამ ლი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და საყვედური გამოუცხადა.

გარდაცვლილი ექიმი ლიუ ჟიმინი უხანის საავადმყოფოს დირექტორი იყო. 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კორონავირუსით საავადმყოფოებში მომუშავე 1700-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულ ექიმთა რაოდენობა კი სულ მცირე ექვსს მაინც აღწევს. შეგახსენებთ, რომ კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ჩინეთმა ხუბეის პროვინციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 25 ათასი მედიცინის მუშაკი მიავლინა.

► ნახეთ: მეცნიერებმა კორონავირუსის ფოტოსურათები გაავრცელეს

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის ჩააბაროს. კორონავირუსისგან გარდაცვლილებს კი ყოველგვარი სამგლოვიარო რიტუალის გარეშე კრემატორიუმებში წვავენ.

19 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 75 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2 ათასს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები