Thumbnail

10 შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანი

ვულკანი დედამიწის ქერქზე არსებული გეოლოგიური წარმონაქმნია, საიდანაც მაგმა ამოდის ზედაპირზე და ლავა, ვულკანური აირები და ფერფლი ამოიფრქვევა. მას ეს სახელი ძველი რომაული ცეცხლის ღმერთის პატივსაცემად უწოდეს.

ჩვენს პლანეტაზე ასეულობით მოქმედი ვულკანია. მათი უმეტესობა ოკეანის წყლის ქვეშ მდებარეობს. ხმელეთზე არსებული ვულკანების დიდი ნაწილი კი ინდონეზიაში, სხვადასხვა კუნძულზეა მიმოფანტული. მათი ამოფრქვევები ბუნებრივ კატასტროფებს შორის ყველაზე დამანგრეველი შედეგებით გამოირჩევა. 

ჩვენს სტატიაში სწორედ 10 ყველაზე შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანის შესახებ მოგითხრობთ. 

10. აგუნგი (ინდონეზია)

აგუნგი კუნძულ ბალიზე მდებარეობს. მისი სახელწოდება ადგილობრივი მაცხოვრებლების ენაზე "მაღალ მთას" ნიშნავს. 2997 მეტრი სიმაღლის ვულკანის მწვერვალი უმეტესად ღრუბლებითაა დაფარული. მის ფერდობზე კი ბესაკის ინდუისტური ტაძარი მდებარეობს, რომელიც ბალელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია.

ინდონეზიაში მოქმედი სხვა ვულკანებისგან განსხვავებით, თანამედროვე ეპოქაში აგუნგის ამოფრქვევის სულ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. მათგან ყველაზე სერიოზული 1963-64 წლებში მოხდა. მაშინ აგუნგის აქტივობას საერთო ჯამში 2 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 2017 წელს კი ამ ვულკანის ამოფრქვევის გამო ქვეყნის ხელისუფლებას 120 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოუწია. 

9. კილაუეა (აშშ)

კილაუეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1247 მეტრია. ადგილობრივი მითოლოგიის მიხედვით, სწორედ იქ ცხოვრობს პელე - ცეცხლისა და ქარის ქალღმერთი, რომელმაც თქმულებების მიხედვით, ჰავაის კუნძულები შექმნა. 

კილაუეა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1823 წლის შემდეგ ის 60-ზე მეტჯერ ამოიფრქვა, 1983-დან 2018 წლამდე დროის პერიოდში კი მისი აქტივობა თითქმის უწყვეტად გრძელდებოდა. ამოფრქვევის თანმხლებმა ძლიერმა მიწისძვრამ კუნძულს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, ლავამ კი თითქმის მთლიანად გაანადგურა ქალაქები კალაპანა და კაიმუ. 

8. ბრომო (ინდონეზია)

კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში, ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნულ პარკში მდებარე ეს ვულკანი ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი სიმაღლე 2392 მეტრია. სახელწოდება კი ბრაჰმას უკავშირდება. სწორედ ასე წარმოთქვამენ ადგილობრივები ამ ინდუისტური ღმერთის სახელს.

ბრამა წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი სარტყელის ეპიცენტრშია განლაგებული, სადაც მოქმედი ვულკანების უმეტესობა მდებარეობს და მიწისძვრების 90 პროცენტი ხდება. მისი აქტივობა პირველად მე-19 საუკუნეშია დოკუმენტირებული. უკანასკნელი ამოფრქვევა კი 2019 წელს მოხდა, როდესაც კრატერიდან ამოტყორცნილი ფერფლი 2.4 კილომეტრის სიმაღლეზე გაიფანტა.

7. ფუეგო (გვატემალა)

ფუეგო გვატემალის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ვულკანების ჯაჭვშია განლაგებული და ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქალაქის, ანტიგუას სიახლოვეს მდებარე მთის სიმაღლე 3763 მეტრია. სახელი კი ესპანურად "ცეცხლს" ნიშნავს. 

ფუეგოს ჯერ კიდევ კონკისტადორების მიერ კონტინენტის დაპყრობის დროიდან აკვირდებიან. მის პირველ ხსენებას მე-16 საუკუნის ისტორიულ წყაროებში ვხვდებით. 2015 წლის ამოფრქვევის დროს ჰაერში გაფანტული ფერფლის გამო გვატემალის საერთაშორისო აეროპორტის დახურვა გახდა საჭირო, 2018 წელს კი სტიქიურ უბედურებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

6. ანაკ კრაკატაუ (ინდონეზია)

ეს ვულკანი ზონდის სრუტეში, იავასა და სუმატრას კუნძულებს შორის მდებარეობს. მისი სიმაღლე 813 მეტრია. ადრე მას კრაკატაუ ეწოდებოდა. ის გაცილებით მაღალი იყო და ერთ დიდ კუნძულს წარმოადგენდა, თუმცა, 1883 წლის ამოფრქვევის შემდეგ ვულკანიც და კუნძულიც განადგურდა. 

მაშინ კრაკატაუს ამოფრქვევამ და ამის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამის ტალღამ 36 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კუნძულის ადგილზე კი 1927 წელს ანაკ კრაკატაუ ამოიზარდა, რაც ინდონეზიურ ენაზე "კრაკატაუს შვილს" ნიშნავს. ახალი ვულკანი აქტივობას განაგრძობს. 2018 წლის დეკემბერში მის ამოფრქვევას მორიგი ცუნამი მოჰყვა, რომელმაც 500-მდე ადამიანი შეიწირა. 

5. კალბუკო (ჩილე)

კალბუკო ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ლიანკიუესა და ჩაპოს ტბების სიახლოვეს, ლიანკიუეს ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. 2003 მეტრი სიმაღლის ვულკანის სახელწოდება მაპუჩეს ტომის ინდიელთა ენაზე "ლურჯ წყალს" ნიშნავს. 

1837 წლიდან დღემდე კალბუკოს არაერთი ამოფრქვევაა დოკუმენტირებული. მათგან ყველაზე დიდი 1893-94 წლებში მოხდა, როცა კალბუკო კრატერიდან 8 კილომეტრის მანძილზე 30-სანტიმეტრიან ვულკანურ ბომბებს ისროდა. უკანასკნელად კი ვულკანმა 2015 წელს გაიღვიძა. მცირეხნიანი აქტივობის დროს მის მიერ ამოფქვეული ფერფლის ხილვა 10 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე იყო შესაძლებელი. 

4. ეიაფიადლაიეკუდლი (ისლანდია)

ეიაფიადლაიეკუდლი ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკიდან აღმოსავლეთით, გეოთერმულად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც "მყინვარიანი მთა კუნძულზე". ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ სიტყვის სწორად წარმოთქმა დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 0,005 პროცენტს შეუძლია.

1651 მეტრი სიმაღლის ვულკანს მე-10 საუკუნიდან, კუნძულზე ადამიანების დასახლების პერიოდიდან აკვირდებიან. 1823 წლის ამოფრქვევის შემდეგ ის ჩამქრალად ითვლებოდა. თუმცა, 2010 წელს ეიაფიადლაიეკუდლი ისევ გააქტიურდა, რასაც მოსახლეობის ევაკუაცია და ცაში გაფანტული ფერფლის გამო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში საჰაერო მიმოსვლის შეჩერება მოჰყვა. 

3. სანგეანგ აპი (ინდონეზია)

სანგეანგ აპი მალაის არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში, მცირე ზონდის კუნძულებზე მდებარეობს. ის ორი ვულკანური კონუსისგან, დორო აპისა და დორო მანტოისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 1949 და 1795 მეტრია. სახელწოდება კი ადგილობრივი მაცხოვრებლების ენაზე "სულების მთას" ნიშნავს. 

ვულკანის აქტივობა პირველად 1512 წელს არის დოკუმენტირებული. მას შემდეგ ის საერთო ჯამში 20-ჯერ ამოიფრქვა. 1985-1987 წლებში სანგეანგ აპის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამოფრქვევების ასეთივე სერია 1997-1999 წლებშიც გამეორდა. 2014 წლის ამოფრქვევისას კი ვულკანური ფერფლი 15-10 კილომეტრის სიმაღლეზე გაიფანტა, რის გამოც ავსტრალიიდან ინდონეზიის მიმართულებით საჰაერო ფრენები გაუქმდა.

2. პოპოკატეპეტლი (მექსიკა)

პოპოკატეპეტლი აცტეკების ენაზე "კვამლიან მთას" ნიშნავს. ვულკანი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საიდანაც კარგ ამინდში მისი დანახვა ადვილადაა შესაძლებელი. 5426 მეტრი სიმაღლის მთის წვერი მყინვარითაა დაფარული.

პოპოკატეპეტლის ამოფრქვევის შესახებ ყველაზე ადრეულ ჩანაწერებს "აცტეკების კოდექსში" ვხვდებით. მე-16 საუკუნეში ესპანელი კონკისტადორების მიერ აცტეკების იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ვულკანის 15-ზე მეტი დიდი და უამრავი მცირე მასშტაბის აქტივობაა დოკუმენტირებული. ბოლო შემთხვევა კი 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა, როდესაც პოპოკატეპეტლიდან ამოფრქვეული ფერფლი 6 კილომეტრის სიმაღლეზე გაიფანტა. 

1. საკურაძიმა (იაპონია) 

იაპონიის ყველაზე აქტიური ვულკანი სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ცალკე კუნძული იყო, თუმცა, 1914 წლის ამოფრქვევის შემდეგ ლავის ნაკადებმა ის ოსუმის ნახევარკუნძულთან შეაერთა. საკურაძიმას სამი მწვერვალიდან ყველაზე მაღალი 1117 მეტრია. სახელწოდება კი იაპონურ ენაზე "საკურას კუნძულს" ნიშნავს.

საკურაძიმას მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული. ქალაქი კაგოსიმა, რომელშიც 600 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრშია. მოსახლეობა პერიოდულად საევაკუაციო სწავლებებს გადის, ვულკანის ამოფრქვევისას კი თავს საგანგებოდ აგებულ დამცავ ნაგებობებს აფარებს. ბოლო ასეთი აქტივობა 2020 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც საკურაძიმადან ვულკანური ფერფლი ამოიფრქვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები