Thumbnail

ნახეთ: ქალი ტვინზე ოპერაციის დროს ვიოლინოზე უკრავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ლონდონის სამეფო კოლეჯის საავადმყოფოში 53 წლის მუსიკოსს, დაგმარ ტერნერს ტვინიდან სიმსივნე ამოკვეთეს. ბრიტანელი ქირურგებისთვის ეს რიგითი პროცედურა იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება - ოპერაციის დროს პაციენტი ვიოლინოზე ჯორჯ გერშვინისა და გუსტავ მალერის კომპოზიციებს ასრულებდა. 

კუნძულ უაითის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს სიმსივნე შვიდი წლის წინ აღმოუჩინეს. ის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს იმ ზონაში მდებარეობდა, რომელიც მარცხენა ხელის წვრილ მოტორიკაზეა პასუხისმგებელი. სხივურმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო და ტერნერს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

როდესაც სიმსივნე ტვინის იმ ადგილზეა ლოკალიზებული, რომელიც მხედველობაზე, მოძრაობასა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებზეა პასუხისმგებელი, ოპერაცია მღვიძარე პაციენტს უტარდება. ასე რეფლექსების კონტროლია შესაძლებელი. ტერნერის შემთხვევაში კი ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მასთან უკუკავშირის საუკეთესო საშუალება ვიოლინოზე დაკვრა იქნებოდა. თავის ქალის ტრეპანაციის შემდეგ, ის მედიკამენტური ძილიდან გამოაფხიზლეს, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მისცეს და მუსიკალური ინსტრუმენტი მიაწოდეს. 

"თავის ტვინზე წელიწადში ოთხასამდე ოპერაციას ვაკეთებთ. რეფლექსების შესამოწმებლად პაციენტების გაღვიძება ხშირად გვიხდება. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქირურგიული პროცედურის დროს ვინმეს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ვთხოვე", - განაცხადა გამოცემა The Guardian-თან საუბარში ნეიროქირურგიის პროფესორმა, კეიომარს აშკანმა.  

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმებმა პაციენტის ტვინიდან სიმსივნის 90 პროცენტის ამოკვეთა შეძლეს, მარცხენა ხელის ფუნქციები კი სრულად შენარჩუნდა. დაგმარი უკვე სახლშია, ვიოლინოზე დაკვრაში რეპეტიციობს და უახლოეს დროში საყვარელ საქმეს დაუბრუნდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები