Thumbnail

SpaceX დედამიწის ორბიტაზე ოთხ ტურისტს გაუშვებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის კომპანია SpaceX დედამიწის ორბიტაზე ოთხ ტურისტს გაუშვებს. მისიის განხორციელება 2021 წლის ბოლოს იგეგმება და მისი ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება. 

► ილონ მასკმა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ამერიკულ კოსმოსურ ტუროპერატორთან Space Adventures გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ტურისტებს დედამიწის ორბიტაზე კაფსულით Crew Dragon რაკეტა Falcon 9 გაიყვანს. ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან დაწყებული მოგზაურობა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცნობილია, რომ ტურისტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს არ ეწვევიან. თუმცა, ისინი კოსმოსში ფრენის სიმაღლის მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეძლებენ და დედამიწას იმ სიმაღლიდან დაათვალიერებენ, საიდანაც ის ჯერ არავის უნახავს. 

"ეს ისტორიული მისიაა, რომელიც დაგვეხმარება, კოსმოსური ფრენები ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვინც მათზე ოცნებობს", - განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა გუინ შოთველმა. 

კაფსულა Crew Dragon, რომელიც 2021 წელს დედამიწის ორბიტაზე ოთხ ტურისტს გაიყვანს.

დღემდე Space Adventures-ის მეშვეობით ორბიტალურ მოგზაურობაში მონაწილეობა სულ შვიდმა ადამიანმა მიიღო. პირველი კოსმოსური ტურისტი, დენის ტიტო დედამიწის ორბიტაზე 2001 წელს გაფრინდა. ამერიკელ ბიზნესმენს ეს მგზავრობა 20 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. კომპანია ტურისტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე ასაყვანად და დედამიწაზე დასაბრუნებლად რუსული წარმოების საფრენ აპარატს, "სოიუზს" იყენებდა. 

► NASA-მ მომავალი ასტრონავტების მიღება გამოაცხადა

აღსანიშნავია ისიც, რომ დედამიწის ორბიტაზე ტურისტების გაყვანამდე, SpaceX-სა და ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კაფსულით Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ასტრონავტების გაშვებაა დაგეგმილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები