Thumbnail

ასტრონომებმა შორეულ გალაქტიკაში ჟანგბადი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომებმა დედამიწიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში მოლეკულური ჟანგბადი დააფიქსირეს. ეს მზის სისტემის გარეთ მსგავსი აღმოჩენის მესამე, ირმის ნახტომის გალაქტიკის მიღმა კი პირველი შემთხვევაა.

გამოცემა The Astrophysical Journal-ის ცნობით, ჟანგბადის სპექტრული ხელწერა მკვლევარებმა ესპანეთში მდებარე 30-მეტრიანი რადიოტელესკოპით IRAM გალაქტიკა მარკარიან 231-ზე დაკვირვებისას დააფიქსირეს. 

2011 წელს ორიონის ნისლეულში ჟანგბადის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ კოსმოსში ჟანგბადი წყალბადთან ერთად ყინულის ფორმით არსებობს. წყალბადისგან მის გამოთავისუფლებას კი ძლიერი შოკური ტალღები განაპირობებს, რომლებსაც უკიდურესად ცხელი ახალგაზრდა ვარსკვლავების ინტენსიური გამოსხივება იწვევს. 

მარკარიან 231-ის ცენტრში მდებარე ორი სუპერმასიური შავი ხვრელი. ფოტო: NASA/ESA

მარკარიან 231-ში ჟანგბადის შემცველობა წყალბადთან მიმართებით დაახლოებით 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ორიონის ნისლეულში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გალაქტიკაში მოლეკულების გახლეჩვის პროცესს გაცილებით ინტენსიური სახე ჰქონდა. 

მეცნიერთა აზრით, მარკარიან 231-ის ცენტრში ორი სუპერმასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომელიც ერთმანეთის გარშემო წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობს. სწორედ ეს განაპირობებს მოლეკულების გახლეჩვასა და ჟანგბადის გამოთავისუფლებას. თუმცა, ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად კიდევ არაერთი კვლევის განხორციელებაა საჭირო.

ჟანგბადი წყალბადისა და ჰელიუმის შემდეგ სამყაროში მესამე ყველაზე გავრცელებული ელემენტია. თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მისი პოვნა ვარსკვლავთშორის სივრცეში არ გაუჭირდებოდათ. თუმცა, არც რადიოტალღოვანმა ასტრონომიამ და არც სპექტროსკოპიამ სასურველი შედეგი არ მოიტანა. მზის სისტემის გარეთ ჟანგბადის არსებობა აქამდე მხოლოდ ორჯერ დააფიქსირეს. ეს ელემენტი ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვისაა აუცილებელი, რაც მის სხვა გალაქტიკაში აღმოჩენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

კომენტარები

ბოლო ამბები