Thumbnail

ახალი სახეობის ლოკოკინას გრეტა თუნბერგის სახელი დაარქვეს

პროფესიონალი მკვლევარებისა და მოყვარული მეცნიერებისგან შემდგარმა საექსპედიციო ჯგუფმა ბრუნეის ულუ ტემბურონგის ეროვნულ პარკში უცნობი სახეობის ლოკოკინა აღმოაჩინა. ვინაიდან ლოკოკინა ჯერ კლასიფიცირებული არ იყო, მას სახელი იქვე, ხმის მიცემით შეურჩიეს და თინეიჯერი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის პატივსაცემად Craspedotropis gretathunbergae უწოდეს. 

► გრეტა თუნბერგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს

ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გამოცემაში Biodiversity Data Journal გამოქვეყნდა. მკვლევართა თქმით, ლოკოკინა უკიდურესად მგრძნობიარე აღმოჩნდა კლიმატისა და ტემპერატურის ცვლილებებისადმი.

"ლოკოკინისთვის გრეტა თუნბერგის სახელის დარქმევით, გვსურდა, გვეთქვა, რომ სწორედ გრეტას თაობას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლებიც მათ არ შეუქმნიათ. ეს ერთგვარი მოწოდებაა ყველა თაობის ადამიანისადმი, გაერთიანდნენ მის მხარდასაჭერად", - განაცხად ჯეი ფი ლიმმა, რომელმაც ახალი სახეობის ლოკოკინის პირველი ეგზემპლარი აღმოაჩინა.  

ლოკოკინის ახალაღმოჩენილი სახეობა Craspedotropis gretathunbergae. ფოტო: Taxon Expeditions

გამოცემის ცნობით, თავად გრეტა თუნბერგი ლოკოკინისთვის მისი სახელის დარქმევას კმაყოფილებით შეხვდა. 

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ სამეცნიერო ექსპედიცია Taxon Expeditions-ის მიერ იყო ორგანიზებული. 2018 წელს ამავე კომპანიის მიერ დაკომპლექტებულმა მკვლევართა ჯგუფმა მალაიზიაში უცნობი სახეობის ხოჭო აღმოაჩინა, რომელსაც კიდევ ერთი ეკოაქტივისტის, მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს პატივსაცემად სახელად Grouvellinus leonardodicaprioi უწოდეს.

გრეტა თუნბერგმა საზოგადოების ყურადღება 15 წლის ასაკში, შვედეთის პარლამენტის შენობის წინ გამართული ყოველკვირეული საპროტესტო აქციებით მიიპყრო. ის სკოლაში სიარულზე უარს აცხადებდა და ქვეყნის ხელისუფლებისგან სათბური აირების ემისიის შემცირებას ითხოვდა. გრეტას ქმედებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათასობით მოსწავლე სასკოლო გაფიცვებით გამოეხმაურა. შეიქმნა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Fridays for Future, რომლის ლიდერიც შვედი გოგონა გახდა. 2019 წლის სექტემბერში კი, კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე წარმოთქმულ სიტყვაში, გრეტა თუნბერგმა მსოფლიო ლიდერები გარემოს დაცვითი პრობლემების იგნორირებასა და ახალი თაობის ღალატში დაადანაშაულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები