Thumbnail

იაპონიაში შექმნეს რობოტი, რომელსაც ტკივილის გამოხატვა შეუძლია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ოსაკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოს ჯერ კიდევ 2011 წელს წარუდგინეს რობოტი ბავშვი სახელად Affetto, რომელსაც სხვადასხვა ემოციის გამოხატვა შეეძლო. რამდენიმე დღის წინ კი იაპონელი სპეციალისტების გუნდმა საკუთარი გამოგონების გაუმჯობესების შესახებ  განაცხადა. 

მათ რობოტის ხელოვნურ კანში მოათავსეს სენსორი, რომლის მეშვეობითაც მას ნაზად და უხეშად შეხების ერთიმეორისგან განსხვავება შეუძლია. ტკივილის სიგნალის მიღების შემთხვევაში კი, სახეზე შესაბამისი ემოცია აღებეჭდება.

ბავშვის გარეგნობასთან რობოტის მისამსგავსებლად მეცნიერებსა და დიზაინერებს დიდი შრომა დასჭირდათ. მისი კანი ნამდვილის მსგავსი რბილი ხელოვნური ქსოვილისგანაა დამზადებული, სახის გამომეტყველება კი 116 ნაკვთის მეშვეობით იცვლება.

მეცნიერთა გუნდის ხელმძღვანელს, მინორუ ასადას კოლეგებთან ერთად "სოციალური რობოტის" შექმნა აქვს განზრახული, რომელსაც ჩვენთან უფრო ღრმა ინტერაქცია შეეძლება. მათი აზრით, ტკივილის განცდის უნარი ანდროიდებს ადამიანებთან დააახლოებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ნამდვილი შეგრძნებების მსგავსი იმპულსები ხელოვნურ ინტელექტს თანაგრძნობის გამოხატვაში დაეხმარება.

იაპონიის სკოლებში, ოფისებსა თუ მოხუცებულთა თავშესაფრებში რობოტებს ხშირად შეხვდებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მათ ქუჩაში საპოლიციო ფუნქციების შესასრულებლად სცდიან. ვარაუდობენ, რომ ახალი ტექნოლოგია მათ ფუნქციებს გაამრავალფეროვნებს და რობოტების გამოყენება უფრო მეტ სფეროში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები