Thumbnail

NASA-მ საჰარაში მდებარე უძველესი გიგანტური ტბის ფოტო გაავრცელა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოსურათი გაავრცელა, რომელზეც ცენტრალურ აფრიკაში მდებარე ჩადის ტბა ისტორიულ საზღვრებშია გამოსახული. დამშრალ გიგანტურ წყალსატევს მეცნიერები "მეგა ჩადს" უწოდებენ. 

რამდენიმე ათასი წლის წინ მეგა ჩადი დღევანდელი საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე დაახლოებით 390 ათას კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და ფართობით კასპიის ზღვას აღემატებოდა, რომელიც დღეს დედამიწაზე ყველაზე დიდ ტბად ითვლება. 

ბრიტანელი მეცნიერების მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეგა ჩადის გიგანტური ზომა საჰარის რეგიონისთვის ერთ დროს დამახასიათებელი უხვი ნალექიანობით იყო განპირობებული. თუმცა, დაახლოებით 5 ათასი წლის წინ ცენტრალური აფრიკის ამ ნაწილში ნოტიო ჰავა გვალვამ შეცვალა და ტბამ დაშრობა დაიწყო. 

თანამედროვე ჩადის ტბა უძველესი გიგანტური წყალსატევის მხოლოდ მცირე ნაწილია. ფოტო: EOS/NASA

თანამედროვე ჩადი უძველესი გიგანტური ტბის მხოლოდ მცირე ნაწილია. ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60-იან წლებში ის აფრიკის უდიდესი წყალსატევების ხუთეულში შედიოდა. თუმცა, 1963-დან 1998 წლამდე დროის პერიოდში მისი ფართობი 95 პროცენტით შემცირდა და ახლა სულ რაღაც 1350 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 

ჩადის ტბა დღეს ოთხ ქვეყანას - ჩადს, ნიგერიას, ნიგერსა და კამერუნს ესაზღვრება და იქ მცხოვრები 30 მილიონი ადამიანისთვის სასმელი და სარწყავი წყლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. კლიმატური პირობებისა და ჭარბი მოხმარების გამო ის დაშრობას დღესაც განაგრძობს. 

ხმელეთის ის ნაწილი, რომელიც ათასობით წლის წინ წყლით იყო დაფარული, ბოდელეს ღრმულის სახელითაა ცნობილი. ქარიშხლების დროს ყოფილი ტბის ფსკერზე დალექილი მტვრის ნაწილაკები, რომლებიც მკვებავი ნივთიერებებითაა მდიდარი, ჰაერის მასებთან ერთად ატლანტის ოკეანის გავლით გადაადგილდება და ამაზონის ტროპიკული ტყეებს ანაყოფიერებს. ეს მოვლენა NASA-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოშია აღწერილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები