Thumbnail

ნახეთ: NASA-მ ანტარქტიდაზე ყინულის დნობის კერები დააფიქსირა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოსურათები გაავრცელა, რომლებზეც ანტარქტიდაზე არსებული ყინულის საფარის დნობის პროცესია აღბეჭდილი.

ყინულის დნობა კონტინენტზე მკვეთრმა დათბობამ გამოიწვია. 2020 წლის 6 თებერვალს ანტარქტიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა, მეტეოროლოგებმა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18,3 °C დააფიქსირეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილსა და მზიანი კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთნაირი ტემპერატურა იყო. 

► ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

NASA-ს მიერ 4 და 13 თებერვალს გადაღებული ფოტოსურათების შედარებისას ჩანს, როგორ ჩნდება კუნძულ იგლ აილენდის ზედაპირზე ლურჯი ფერის ლაქები. ეს წყალსატევებია, რომლებიც დამდნარი ყინულისგან წარმოიქმნა. მეცნიერთა თქმით, მხოლოდ 6 თებერვალს კუნძულზე ყინულის საფარი 30 მილიმეტრით შემცირდა. საერთო ჯამში კი დანაკარგმა 106 მილიმეტრი შეადგინა, რაც ამ რეგიონში თოვლის სეზონური დაგროვების 20 პროცენტია. 

NASA-ს მიერ 4 და 13 თებერვალს გადაღებული იგლ აილენდის ფოტოსურათები.

"ანტარქტიდაზე ყინულის საფარის ასეთი სწრაფი დნობა არასდროს მინახავს. მსგავსი რამ ალიასკასა და გრენლანდიისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა, არა ამ კონტინენტისთვის", - განაცხადა გლაციოლოგმა მაური პელტომ, რომელიც მასაჩუსეტსის ნიკოლსის კოლეჯში მყინვარების კვლევითაა დაკავებული.  

აღსანიშნავია, რომ იგლ აილენდის გარდა ყინულის დნობის მასშტაბური კერა ახლომდებარე ბოიდელის მყინვარზეც აღმოაჩინეს. ჯამში კი, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე დროის პერიოდში, ანტარქტიდაზე ყინულის საფარის გალღვობის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 

► ნახეთ: ანტარქტიდას დიდი ზომის აისბერგი გამოეყო

თებერვლის თვეში ყინულოვან კონტინენტზე ტემპერატურის მკვეთრი მატების მიზეზად მკვლევარები რამდენიმე მეტეოროლოგიური ფაქტორის ერთიანობას, მათ შორის, ჰორნის კონცხთან დაფიქსირებულ მაღალ წნევასა და ანტარქტიკულ ანდებში თბილი და მშრალი ჰაერის მასების შემოჭრას ასახელებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები