Thumbnail

ელექტრომობილის უსადენო დამტენები ერთიან სტანდარტს დაექვემდებარება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ელექტრომობილის დატენვა დღეს ბევრ პრობლემასთან ასოცირდება. სპეციალური პუნქტები, სადაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი, ბენზინგასამართ სადგურებთან შედარებით, ნაკლებად გვხვდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც იქ არსებული კაბელი ამა თუ იმ მანქანას არ ერგება და მძღოლსაც შესაფერისის ძიებაში დიდი მანძილის გავლა უწევს. დამტენით სარგებლობა პრობლემურია ასევე ყინვასა და წვიმიან ამინდში. 

ამერიკის ავტომანქანების ინჟინერთა საზოგადოებამ შეიმუშავა საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებლებს, მფლობელებსა და ტექნიკური მომსახურების ობიექტებს ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების თავიდან აცილებაში დაეხმარება. მიმდინარე წლის ბოლოდან მის მიხედვით შექმნილი უსადენო დამტენები იქნება ხელმისაწვდომი. 

ელექტრომობილის უსადენო დამტენი. ფოტო: BMW

ელექტრომობილის უსადენო დამტენი სმარტფონისთვის განკუთვნილის მსგავსი იქნება. სატრანსპორტო საშუალება სპეციალური მოწყობილობის ზემოთ მოთავსდება და ყოველგვარი კაბელის გარეშე დაიტენება. უსადენო დამტენით სარგებლობა ნებისმიერ ადგილზე იქნება შესაძლებელი, მათ შორის საკუთარ ავტოფარეხშიც.

გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ BMW საკუთარი წარმოების უსადენო დამტენის ნიმუში ჯერ კიდევ 2017 წელს წარმოადგინა. ელექტრომობილის მფლობელებს მისი განთავსება ავტოფარეხის იატაკზე შეეძლებათ. მას შემდეგ, რაც მანქანის ძრავი ჩაქრება, მოწყობილობა ავტომატურად მის დატენვას დაიწყებს. უსადენო დამტენების გამოშვებაზე უკვე მუშაობენ სხვა ავტომწარმოებლებიც. თუმცა, მათი დამკვიდრება და ფართოდ გავრცელება დროსთან და თანხებთან იქნება დაკავშირებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები