Thumbnail

კარანტინში მყოფი მილიონობით ჩინელი ვირტუალური ქლაბინგით ერთობა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კორონავირუსის ეპიდემიისგან თავის დასაცავად ჩინეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენას ერიდება, რის გამოც მათ გართობის ახალი გზების ძიება დასჭირდათ. კლუბური მუსიკის მოყვარულებმა გამოსავალი ონლაინ პლატფორმებზე მოწყობილ რეივებში მონახეს. ამ სიახლემ მოკლე დროში წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. ვირტუალურ ქლაბინგში მილიონობით ადამიანი ჩაერთო, რამაც ღამის კლუბების შემოსავალი საგრძნობლად გაზარდა.

► ნახეთ: მეცნიერებმა კორონავირუსის ფოტოსურათები გაავრცელეს

ყველაფერი მიმდინარე წლის 31 იანვარს ერთ-ერთი კომპანიის მიერ YouTube-ის ანალოგ ჩინურ ვებგვერდზე Bilibili გამართული რეივით დაიწყო. მისი წარმატების შემდეგ, მსგავსი ღონისძიების ორგანიზება სხვებმაც გადაწყვიტეს და მალე პროცესმა მასშტაბური სახე მიიღო. კარანტინის გამო სახლებში დარჩენილ მოსახლეობას ონლაინ პლატფორმები პირდაპირ ეთერში მიმდინარე კონცერტებსა თუ დიჯეების მიერ დაკრულ სეტებს სთავაზობენ. მუსიკოსები საკუთარი სტუდიებიდან, სახლებიდან და ცარიელი კლუბების სცენიდან უკრავენ. მაყურებლები მათ პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს, კომენტარებს წერენ, ზოგიერთი კი საკუთარი ცეკვის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს. 

► კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თაგვებზე გამოსცადეს

ქვეყნის პოპულარულმა ღამის კლუბებმა ამ წამოწყებით დიდი სარგებელი მიიღეს. პეკინში მდებარე SIR. TEEN-ის მიერ ორგანიზებულ რეივს ორ მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. აქედან 100 ათასზე მეტი მაყურებელი ეთერს პირველი 30 წუთის განმავლობაში შეუერთდა. კიდევ ერთმა გასართობმა დაწესებულებამ ONE THIRD კი ონლაინ პლატფორმაზე TikTok შეკრებილი აუდიტორიის საშუალებით 143 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 14 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის ჩააბაროს. კორონავირუსისგან გარდაცვლილებს კი ყოველგვარი სამგლოვიარო რიტუალის გარეშე კრემატორიუმებში წვავენ.

25 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 80 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2700-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები