Thumbnail

5 უდიდესი კატასტროფა ასტრონავტიკის ისტორიაში

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომი კოსმოსშიც გაჩაღდა. იმ დროიდან მოყოლებული ადამიანი დედამიწის ორბიტაზე გავიდა, მთვარეს ესტუმრა, მზის სისტემის ყველა პლანეტისკენ თანამგზავრი გაგზავნა, საერთაშორისო კოსმოსური სადგური აამოქმედა და მარსზე როვერები ჩაიყვანა. 

ყველა ეს მიღწევა, სხვებთან ერთად, იმ ადამიანების მონაპოვარია, რომლებმაც კოსმოსის ათვისების საქმეში წვლილი საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიტანეს. მისიების დროს თუ საფრენი აპარატების გამოცდისას ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი ასტრონავტებისა და საბჭოთა კოსმონავტების რიცხვი ოცდაერთს აღწევს. ამ სტატიაში კი იმ ხუთი კატასტროფის შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც მათი სიცოცხლე შეიწირა.

5. აპოლო 1 (1967) 

1967 წლის 27 იანვარი ამერიკული კოსმოსური კვლევების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. NASA მთვარისკენ მიმავალი "აპოლოს" მისიის პირველ ხომალდს სცდიდა. გაფრენა 21 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, ერთ-ერთი ტესტის დროს ასტრონავტების კაბინაში, რომელშიც გას გრისომი, ედ უაითი და როჯერ ჩაფი იმყოფებოდნენ, ხანძარი გაჩნდა.

სწრაფად აალებადი ნივთებითა და სუფთა ჟანგბადით სავსე კაფსულას ცეცხლი მომენტალურად მოედო. გამოსასვლელი ლუქი დაზიანდა და ასტრონავტებმა მისი გაღება ვერ შეძლეს. ისინი საკონტროლო ცენტრისგან შველას ითხოვდნენ, მაგრამ მაშველებმა კაბინაში შეღწევა მხოლოდ 5 წუთის შემდეგ მოახერხეს. სამივე ასტრონავტი უკვე გარდაცვლილი იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ კოსმოსური პროგრამის გაუქმების მოთხოვნით ქუჩაში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა, თუმცა, შეერთებულმა შტატებმა "აპოლოს" მისია მაინც გააგრძელა და 1969 წელს მთვარეზე პირველი ადამიანიც დასვა.

4. სოიუზ 1 (1967)

1967 წლის 23 აპრილს საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე ხომალდი "სოიუზ 1" გაგზავნა. ახალი თაობის საფრენი აპარატის ტესტირებისას 200-ზე მეტი ტექნიკური პრობლემა გამოვლინდა, თუმცა, საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელსაც "აპოლოს" ტრაგედიიდან სამ თვეში საკუთარი წარმატების ჩვენება სურდა, მათზე თვალის დახუჭვა გადაწყვიტა. ხომალდის მართვა გამოცდილ პილოტს, ვლადიმირ კომაროვს მიანდეს, რომლისთვისაც ეს უკვე მეორე კოსმოსური ფრენა იყო.

"სოიუზზე" გაუმართაობები ორბიტაზე გასვლისთანავე დაიწყო. არ გაიხსნა მზის ელემენტების პანელი, რის გამოც ხომალდს საკმარისი ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამიტომ, მისიის შეწყვეტა და კომაროვის სახლში დაბრუნება გადაწყდა. თუმცა, კაფსულის ატმოსფეროში შემოსვლისას მას პარაშუტებმაც უმტყუნა. დამშვები აპარატი დედამიწას 140 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა და ნაწილებად დაიშალა. კომაროვი ადგილზე გარდაიცვალა. ეს კოსმოსური ფრენისას ადამიანის დაღუპვის პირველი შემთხვევა იყო. 

3. სოიუზ 11 (1971)

მთვარეზე ამერიკული მისიის წარმატებით გაწბილებულმა საბჭოთა კავშირმა 1971 წლის 19 აპრილს დედამიწის ორბიტაზე პირველი პილოტირებადი კოსმოსური სადგური "სალუტ 1" გაიყვანა. 7 ივნისს კი ხომალდით "სოიუზ 11" მასზე გეორგი დობროვოლსკი, ვლადისლავ ვოლკოვი და ვიქტორ პაცაევი გაგზავნა. მისიის მე-11 დღეს სადგურზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟს მისი დატოვება და ხომალდზე დაბრუნება მოუხდა, სადაც კოსმონავტებმა კიდევ 11 დღე გაატარეს. 

29 ივნისს "სოიუზ 11"-მა დედამიწაზე დაშვება დაიწყო. ერთი შეხედვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა, კაფსულის გახსნისას ეკიპაჟის სამივე წევრი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კატასტროფის მიზეზი სავენტილაციო სარქველის დაზიანება იყო. ის 168 კილომეტრის სიმაღლეზე გაიხსნა, რამაც კაფსულაში წნევის ვარდნა და დეკომპრესიისგან კოსმონავტების დაღუპვა გამოიწვია. 

2. ჩელენჯერი (1986)

"აპოლოს" პროგრამის დასრულების შემდეგ, NASA დედამიწის დაბალი ორბიტის კვლევებზე გადაერთო და მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების დანერგვა დაიწყო. 1986 წლის 28 იანვარს ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან ერთ-ერთი ასეთი შატლი სახელად "ჩელენჯერი" აფრინდა, რომლის ბორტზეც შვიდი ასტრონავტი იმყოფებდა. ეს მისი რიგით მეათე გაშვება იყო. 

აფრენიდან 73 წამში "ჩელენჯერის" მარჯვენა ამაჩქარებელის დაზიანებამ საწვავის გაჟონვა და ძლიერი აფეთქება გამოიწვია. კოსმოსური აპარატი 333 კმ/სთ სიჩქარით ჩამოვარდა, ოკეანის ზედაპირს დაეჯახა და ნაწილებად დაიშალა. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდივე წევრი. მათ შორის, პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, მასწავლებელი კრისტა მაკოლიფი, რომელმაც კოსმოსში გაფრენის უფლება პრეზიდენტ რეიგანის ინიციატივით ორგანიზებულ ღია კონკურსში მოიპოვა.  

1. კოლუმბია (2003)

2003 წლის 1 თებერვალს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "კოლუმბია" შვიდ გამოცდილ ასტრონავტთან ერთად წარმატებული მისიის შემდეგ დედამიწაზე ბრუნდებოდა. თუმცა, დაშვების დაგეგმილ დროზე 16 წუთით ადრე თვითმხილველებმა ცაში შატლის ცეცხლმოდებული ნამსხვრევები შენიშნეს, რომლებიც 5,6 კმ/წამში სიჩქარით მოფრინავდა.

კანავერალის კონცხიდან "კოლუმბიის" გაშვებიდან მცირე ხანში კამერებმა მისი კორპუსიდან ამძვრალი საიზოლაციო საფარი დააფიქსირეს. საკონტროლო ცენტრში ამ ფაქტს მღელვარება არ გამოუწვევია, რადგან მსგავსი შემთხვევები სხვა დროსაც მომხდარა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ოზოლაციის ნამტვრევმა შატლის მარცხენა ფრთა დააზიანა, რამაც დედამიწაზე დაბრუნებისას ხომალდის კატასტროფა გამოიწვია. ტექსასის შტატის თავზე მომხდარმა აფეთქებამ ეკიპაჟის შვიდივე წევრი იმსხვერპლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები