Thumbnail

ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევარი თავისივე შექმნილმა რაკეტამ იმსხვერპლა

64 წლის ამერიკელი ექსტრემალი პილოტი და ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევარი მაიკ ჰიუზი, იგივე "შეშლილი მაიკი", თავისივე შექმნილი რაკეტის წარუმატებელ გაშვებას ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა კალიფორნიის უდაბნოში, ტელეარხ Science-ის ახალი დოკუმენტური სერიალის "თვითნასწავლი ასტრონავტები" გადაღებისას მოხდა. მაიკს 18 ათას დოლარად საკუთარ ეზოში აწყობილი რაკეტით 1,5 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა სურდა.

ხელნაკეთი საფრენი აპარატი გაშვებიდან მცირე დროში მიწაზე ჩამოვარდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარაშუტი დროზე ადრე გაიხსნა და რაკეტას მოსძვრა, რამაც გამოიწვია კიდეც ავარია და პილოტის დაღუპვა. 

მაიკ ჰიუზმა მსოფლიო მედიის ყურადღება თავისი სახიფათო ექსპერიმენტებით მიიპყრო. 2002 წელს ლიმუზინით განხორციელებული ყველაზე გრძელი ნახტომით (31 მეტრზე მეტი) ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 2014 წელს მაიკმა ხელნაკეთი რაკეტით 419 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო, 2018 წელს კი მის მიერ აგებულმა საფრენმა აპარატმა 570 მეტრამდე მანძილი დაფარა. 

ერთ-ერთი მისია ექსტრემალ პილოტს ბრტყელი დედამიწის საზოგადოებამ დაუფინანსა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ჰიუზის მიზანი ჩვენი პლანეტისთვის კოსმოსიდან ფოტოსურათის გადაღება, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ მრგვალი დედამიწა მხოლოდ ფიქციაა და სინამდვილეში მას ბრტყელი ფორმა აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები