Thumbnail

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსით დაავადდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაავადდა. ამჟამად ის კარანტინში იმყოფება და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.

ირანელი მაღალჩინოსანი ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს ედგა სათავეში. COVID-19-ის სიმპტომები მას ჯერ კიდევ ორშაბათს თეირანში გამართული პრესკონფერენციის დროს აღენიშნებოდა, რომლის დროსაც ამტკიცებდა, რომ ხელისუფლება ეპიდემიის ნამდვილ მასშტაბებს არ მალავს. იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იწმენდს შუბლიდან ოფლს შეუძლოდ მყოფი ჰარირჩი.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებას? 

აღსანიშნავია, რომ ეს ირანელი პოლიტიკოსების კორონავირუსით დაავადების ერთადერთი შემთხვევა არ არის. სამშაბათს ინფიცირების შესახებ ქვეყნის პარლამენტის დეპუტატმა, 57 წლის მაჰმუდ სადეგიმაც განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 95-ს აღწევს, გარდაცვლილი კი 15 ადამიანია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით დიდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა სწორედ ირანში აღინიშნება. 

► ნახეთ: მეცნიერებმა კორონავირუსის ფოტოსურათები გაავრცელეს

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის ჩააბაროს. კორონავირუსისგან გარდაცვლილებს კი ყოველგვარი სამგლოვიარო რიტუალის გარეშე კრემატორიუმებში წვავენ.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ეპიდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია. 26 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 81 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2700-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები