Thumbnail

მარსზე მიწისძვრების არსებობა საბოლოოდ დადასტურდა

მრავალი წლის განმავლობაში მარსი ცივ, მშრალ და მშვიდ პლანეტად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო წლებში NASA-ს მიერ განხორციელებულმა მისიებმა ამ ციურ სხეულზე წარმოდგენა სრულიად შეგვაცვლევინა. ის ბევრად უფრო ცოცხალი და ბობოქარი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. მარსის საკვლევი აპარატის, InSight-ის დამსახურებით უკვე საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს პლანეტა სეისმურად აქტიურია.

► დედამიწის ორბიტაზე კიდევ ერთი მთვარე აღმოაჩინეს

მარსმავალმა InSight, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირზე 2018 წლის 28 ნოემბერს დაეშვა, მის გრუნტში საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს (CNES) მიერ დამზადებული სეისმომეტრი SEIS მოათავსა. მიწისძვრის შესახებ პირველი შეტყობინება აპარატმა დედამიწაზე 2019 წლის აპრილში გამოაგზავნა, თუმცა, ბიძგების სისუსტის გამო, მაშინ ამ მოვლენის სათანადოდ შესწავლა ვერ მოხერხდა.

2020 წლის თებერვალში კი გამოცემამ Nature Geoscience მისიის პირველი ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით SEIS-მა პლანეტაზე საერთო ჯამში 174 სეისმური მოვლენა დაფიქსირდა. აქედან 150 იყო მაღალი სიხშირის ბიძგი, რომელთა მსგავსიც "აპოლოს" მისიამ მთვარეზე დააფიქსირა. მათგან მომავალი ტალღები მხოლოდ მარსის ქერქში ვრცელდებოდა. დანარჩენი 24 ბიძგი კი უფრო ღრმა და ისეთივე დაბალი სიხშირის იყო, როგორც დედამიწაზე, თუმცა, უფრო მცირე მაგნიტუდით გამორჩეოდა.

სეისმომეტრი SEIS. ფოტო: NASA

მარსზე დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი მიწისძვრის მაგნიტუდა დაახლოებით 4,0 იყო. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე შენობა-ნაგებობების დაზიანებას, როგორც წესი, მინიმუმ 5.5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები იწვევს. 

ციურიხში მდებარე შვეიცარიის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მეცნიერები, რომლებიც სეისმომეტრ SEIS-ის კონტროლზე არიან პასუხისმგებელი, იუწყებიან, რომ დღეისთვის მარსზე უკვე 450-ზე მეტი სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრაა დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე დღეში საშუალოდ ერთი სეისმური მოვლენა ხდება.

► ასტრონომებმა შორეულ გალაქტიკაში ჟანგბადი აღმოაჩინეს

ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ მარსი ტექტონურად მშვიდ პლანეტად ითვლება, რომელსაც ფილების ტექტონიკა (მექანიზმი, რომელიც დედამიწის ქერქის ძირითად სეისმურ აქტივობას იწვევს) არ გააჩნია. მაგალითისთვის, მთვარეზე, სადაც ტექტონური ფილები ასევე არ არის, სეისმურ აქტივობას ამ ციური სხეულის ნელი გაცივება განაპირობებს, რომელიც 4,5 მილიარდი წლის წინ მისი ფორმირების შემდეგ მიმდინარეობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები