Thumbnail

ანტარქტიკაში თოვლი წითლად შეიფერა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ანტარქტიკაში გალინდეზის კუნძულზე მდებარე აკადემიკოს ვერნანდსკის სახელობის კვლევითი სადგურის მეცნიერები უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ. მათ გარშემო თოვლის საფარი წითლად შეიფერა. მომხდარის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა და ამ ფენომენის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ნახეთ: NASA-მ ანტარქტიდაზე ყინულის დნობის კერები დააფიქსირა

თოვლის გაწითლების მიზეზი მიკროსკოპული წყალმცენარე სახელად Chlamydomonas nivalis აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად ალპურ და პოლარულ რეგიონებშია გავრცელებული. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი ცივ კლიმატს არის მიჩვეული, თუმცა, მკაცრი ზამთრის განმავლობაში მიძინებულია და ყინულის გალღვობას ელოდება. დათბობისთანავე კი ყვავილობასა და გავრცელებას იწყებს.

გალინდეზის კუნძული ანტარქტიკაში

ფოტო: Міністерство освіти і науки України 

აკადემიკოს ვერნანდსკის სახელობის კვლევითი სადგური

ფოტო: Міністерство освіти і науки України 

მიკროსკოპული წყალმცენარე Chlamydomonas nivalis

ფოტო: Міністерство освіти і науки України 

წყალმცენარე სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ჯერ მწვანეა, შემდეგ ნარინჯისფერი, ბოლოს კი წითელ შეფერილობას იღებს. წითელი პიგმენტი - კაროტინი მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. მისი საშუალებით წყალმცენარე მეტ სითბოს იზიდავს და ყინულის უფრო სწრაფად დნობასაც უწყობს ხელს. მეცნიერების თქმით, მიკროსკოპულ ორგანიზმს თოვლის ალბედოს (ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლის უნარის) 13 პროცენტით შემცირება შეუძლია.

► ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

წყალმცენარის აყვავება ანტარქტიკაში უჩვეულოდ თბილმა ამინდმა გამოიწვია. 2020 წლის 6 თებერვალს აკადემიკოს ვერნანდსკის სახელობის კვლევითი სადგურიდან 405 კილომეტრში, არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა, მეტეოროლოგებმა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18,3 °C დააფიქსირეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილსა და მზიანი კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთნაირი ტემპერატურა იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები