Thumbnail

დედამიწის ორბიტაზე კიდევ ერთი მთვარე აღმოაჩინეს

სმითსონის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მცირე პლანეტების ცენტრის განცხადებით, დედამიწას კიდევ ერთი ბუნებრივი თანამგზავრი გამოუჩნდა. 

1.9-დან 3.5 მეტრამდე დიამეტრის მქონე ასტეროიდი ამერიკელმა ასტრონომებმა, თეოდორ პრუინმა და კასპერ ვერჟოსმა არიზონას შტატში მდებარე მაუნთ ლემონის ობსერვატორიის ტელესკოპით აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ციურ სხეულს 2020 CD3 უწოდეს და მისი ორბიტაც გამოთვალეს. აღმოჩნდა, რომ "ახალი მთვარე" დედამიწის გარშემო უკვე სამი წელია ბრუნავს.

აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში ცნობები ახალი კოსმოსური ობიექტის შესახებ მსოფლიოს კიდევ ექვსი ობსერვატორიდან მოვიდა. ასტეროიდის ზომა იმდენად მცირეა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. დედამიწასთან მოახლოების შემთხვევაში, ის ატმოსფეროში დაიწვება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ 2020 CD3 ჩვენი პლანეტის ორბიტაზე დიდხანს არ დაყოვნდება და 2020 წლის აპრილში მას დატოვებს.

დედამიწის მცირე ზომის ბუნებრივი თანამგზავრები ადრეც არაერთხელ დაუფიქსირებიათ. 2006 წელს აღმოჩენილ ერთ-ერთ ასეთ მინი მთვარეს მეცნიერებმა 2006 RH 120 უწოდეს. 2-3 მეტრი დიამეტრის მქონე ციური სხეული ჩვენი პლანეტის გარშემო 281 დღის განმავლობაში ბრუნავდა, 2007 წლის ივნისში კი მზის გარშემო დამოუკიდებელ ორბიტაზე გადაინაცვლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები