Thumbnail

მეცნიერებმა მეტეორიტში ცილის მოლეკულა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • ცილა მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთია, რომელიც ამინომჟავებისაგან შედგება.
  • ის ცოცხალი ორგანიზმების შემადგენელი აუცილებელი კომპონენტია და მრავალფეროვანი ბიოლოგიური დანიშნულებით გამოირჩევა. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მეტეორიტ Acfer 086-ის შესწავლისას მის შემადგენლობაში არამიწიერი წარმოშობის ცილის მოლეკულა გამოავლინეს. მათ მიერ სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნებული ნაშრომის მნიშვნელობას ის გარემოება ზრდის, რომ ეს მსგავსი აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

► ასტრონომებმა შორეულ გალაქტიკაში ჟანგბადი აღმოაჩინეს

1990 წელს ალჟირში ჩამოვარდნილი 173-გრამიანი მეტეორიტის ნიმუშები მეცნიერებმა ბიოტექნოლოგიური კომპანიების PLEX Corporation და Bruker Scientific დახმარებით გამოიკვლიეს. აღმოჩენილი ცილის მოლეკულის მას-სპექტომეტრით შესწავლისას კი დაადგინეს, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა დედამიწაზე არსებულისგან განსხვავდება.

2320 დალტონი მასის მქონე ცილის მოლეკულას ჰემოლითინი დაარქვეს. ის ისეთ ბმებს შეიცავს, როგორიც გლიცინი და ჰიდროქსიგლიცინია. მასში ასევე რკინა და ლითიუმი შედის.

მეტეორიტი Acfer 086 (A) და მასში აღმოჩენილი ცილის მოლეკულა ჰემოლითინი (B).

მეცნიერებს მსგავსი აღმოჩენები ადრეც გაუკეთებიათ. 2019 წელს მათ მეტეორიტის შემადგენლობაში კრისტალი რიბოზა დააფიქსირეს, რომელსაც სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესში ასევე დიდი როლი ენიჭება. ორგანული მოლეკულა შენიშნეს ჩვენგან 27 ათასი სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთშორის ღრუბელშიც, რომელსაც Sagittarius B2 ეწოდება. 

► შორეული გალაქტიკიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება შენიშნეს

თუმცა, უახლესი კვლევის შედეგები ზემოხსენებული შემთხვევებისაგან განსხვავდება. ამჯერად მეცნიერებმა მცირე ოდენობით ამინომჟავების ნაცვლად, მეტეორიტში ცილის მთლიანი მოლეკულა დააფიქსირეს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა, განამტკიცოს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლე კოსმოსური ობიექტების ჩამოვარდნის შედეგად აღმოცენდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები