Thumbnail

შვეიცარიული სოფლის მოსახლეობას 10 წლით ევაკუაცია ემუქრება

შვეიცარიაში მდებარე სოფელ მიტჰოლცის მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილიდან 10 წლით ევაკუაცია ემუქრება. სწორედ ეს დრო დასჭირდება ქვეყნის ხელისუფლებას იქ განთავსებული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღის საწყობის დასაცლელად. 

მეორე მსოფლიო ომის დროს სოფლის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში 
7 ათას ტონამდე საბრძოლო მასალა შეინახეს. მისი ნაწილი 1947 წლის დეკემბერში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურდა. მაშინ ტრაგედიამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 200-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. უბედური შემთხვევის შემდეგ საწყობში შესასვლელი ქვებით ჩაიხერგა, თუმცა, იქ ამ დრომდე 3500 ტონამდე საბრძოლო მასალაა დარჩენილი.

სოფელ მიტჰოლცის მოსახლეობას ევაკუაცია ემუქრება

1947 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად სოფელ მიტჰოლცში არაერთი სახლი დაინგრა.

სოფელ მიტჰოლცის მოსახლეობას ევაკუაცია ემუქრება

1947 წელს მომხდარი აფეთქების შემდეგ იარაღის საწყობში შესასვლელი ქვებით ჩაიხერგა.

შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ საწყობი უკიდურეს საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მათი განცხადებით, წინა წლებში რისკები სათანადოდ შეფასებული არ იყო და ახალი აფეთქების საფრთხე ძალზე დიდია. გამოქვაბულის საბრძოლო მასალისგან დაცლას კი დაახლოებით ათი წელი დასჭირდება. ქვეყნის ხელისუფლება მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას 2031 წლისთვის ვარაუდობს, რის შემდეგაც სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ტერიტორიის გაწმენდა უნდა მოხდეს.

სოფელ მიტჰოლცის მოსახლეობას ევაკუაცია ემუქრება

იარაღის საწყობში შესასვლელი ამ დროისთვის დალუქულია.   

სოფელ მიტჰოლცის მოსახლეობას ევაკუაცია ემუქრება

გამოქვაბულში დღემდე 3500 ტონამდე საბრძოლო მასალა ინახება. 

მიტჰოლცში  დღეისთვის 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. შვეიცარიის ხელისუფლება ადგილობრივებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, ცნობილია, რომ სოფლის უხუცეს მაცხოვრებელთა ნაწილი საკუთარი სახლების დატოვებაზე ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდაც კი უარს აცხადებს. საბოლოო გადაწყვეტილება 17 აპრილს გახდება ცნობილი. 

შვეიცარიას საომარ მოქმედებებში მონაწილეობა 1815 წლის შემდეგ არ მიუღია. ქვეყანა ნეიტრალიტეტს მეორე მსოფლიო ომის დროსაც ინარჩუნებდა, თუმცა, საკუთარ ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი სამხედრო ობიექტი და საბრძოლო მასალის საწყობი მაინც განათავსა.  

კომენტარები

ბოლო ამბები