Thumbnail

სტუდენტმა ასტრონომმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე იყოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიის ფაკულტეტის სტუდენტმა, მიშელ კუნიმოტომ 17 ახალი პლანეტა აღმოაჩინა. მათ შორის ერთ-ერთი, რომელსაც KIC-7340288 b უწოდეს, ზომით დედამიწაზე 1.5-ჯერ დიდია და მასზე, შესაძლოა, წყალი და შესაბამისად, სიცოცხლე არსებობდეს.

► ასტრონომებმა შორეულ გალაქტიკაში ჟანგბადი აღმოაჩინეს

გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, სტუდენტმა ციური სხეულები თანამგზავრ "კეპლერის" მისიის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ე.წ. ტრანზიტული მეთოდით აღმოაჩინა. 

"თითოეულ ჯერზე, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის წინ გადაადგილდება, ის მისი სინათლის ნაწილს ბლოკავს და სიკაშკაშეს დროებით ამცირებს. ამგვარი მოძრაობა ტრანზიტის სახელითაა ცნობილი და მისი საშუალებით ციური სხეულის ზომისა და ორბიტის დადგენაა შესაძლებელი", - განაცხადა კუნიმოტომ.

ახალაღმოჩენილი პლანეტების ზომები მარსთან, დედამიწასთან და ნეპტუნთან შედარებით. ეგზოპლანეტა KIC-7340288 b მწვანე ფერითაა მონიშნული. ფოტო: Michelle Kunimoto

ეგზოპლანეტა KIC-7340288 b ჩვენგან დაახლოებით ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და მისი ორბიტა მერკურისაზე დიდია. ის თავისი ვარსკვლავისგან იმ სინათლის მესამედს იღებს, რასაც დედამიწა მზისგან. ციურ სხეულზე წელიწადი 142,5 დღის განმავლობაში გრძელდება და ის კოსმოსის იმ ზონაში მდებარეობს, სადაც შეიძლება, სიცოცხლე არსებობდეს. 

► მეცნიერებმა მეტეორიტში ცილის მოლეკულა აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) თანამგზავრი "კეპლერი" 2009 წელს გაუშვა. მისი მისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა წარმოადგენდა. ტელესკოპის მიერ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებმა 2 ათასზე მეტი აქამდე უცნობი ციური სხეულის გამოვლენა შეძლეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები