Thumbnail

2100 წლისთვის ქვიშიანი სანაპიროების დიდი ნაწილის გაქრობაა მოსალოდნელი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის მატების გამო, 2100 წლისთვის დედამიწაზე არსებული ქვიშიანი სანაპიროების ნახევარს გაქრობა ემუქრება.

ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა სანაპიროების ეროზიის ტემპის შესასწავლად დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათები გამოიყენეს. 1984 წლიდან დღემდე მომხდარ ცვლილებებზე დაკვირვებით კი, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ორგვარი სცენარი იწინასწარმეტყველეს.

► როგორი იქნებოდა დედამიწა, ოკეანეები რომ დაგვეშრო

ბრიტანეთის სანაპირო, რომელმაც ერთ ღამეში ქვიშის დიდი რაოდენობა დაკარგა. ფოტო: Ripley's Believe It or Not!

მკვლევართა თქმით, უარეს შემთხვევაში, სათბურის აირების გამოყოფა ასეთივე ან უფრო მზარდი ტემპით გაგრძელდება, რაც 2100 წლისთვის დაახლოებით 132 ათასი კილომეტრი სანაპირო ზოლის გაქრობას გამოიწვევს. ეს ქვიშის პლაჟების დაახლოებით 49,5 პროცენტია.

ნაკლებად საშიში სცენარით კი, კაცობრიობა გლობალური დათბობის ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაახლოებით 3°C გრადუსზე შეჩერებას შეძლებს. რის შედეგადაც სანაპირო ზოლი 95 ათასი კილომეტრით შემცირდება. 

მეცნიერთა პროგნოზით, ყველაზე მეტად ავსტრალია დაზარალდება. უახლოესი 80 წლის განმავლობაში იქ სანაპირო ზოლის 15 ათასი კილომეტრით შემცირებაა მოსალოდნელი. შემდეგ მოდის კანადა, ჩილე და ამერიკის შეერთებულ შტატები. ქვიშის პლაჟების უმეტესი ნაწილის დაკარგვის საფრთხის წინაშე ასევე მექსიკა, ჩინეთი, რუსეთი, არგენტინა, ინდოეთი და ბრაზილია დგანან. 

დღეისთვის ქვიშიანი პლაჟები მსოფლიო სანაპირო ზოლის მესამედზე მეტს შეადგენს. ისინი ხშირად მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობენ და დიდი ტალღებისგან, შტორმებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან გვიცავენ. თუმცა, ამ ადგილებში ადამიანის სამრეწველო საქმიანობის მასშტაბების ზრდა ქვიშის რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს. ამ პრობლემას კი კლიმატის ცვლილების შედეგად ზღვის დონის მატებაც ემატება, რომელიც სანაპიროებს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

ბოლო ამბები