Thumbnail

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის  განცხადებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. ახალი მონაცემების მიხედვით, მსხვერპლით COVID-19-ის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევების 3,4% სრულდება. შეგახსენებთ, რომ ადრე ეს მაჩვენებელი 2%-ს შეადგენდა. 

კორონავირუსით გარდაცვალების რისკს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მკურნალობის დაწყების ვადა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკთან ერთად იზრდება. 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში ის 14,8%-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ კი 30 წელზე უმცროსი ადამიანები არიან. მათ შემთხვევაში, 4,500 დაავადებულიდან მხოლოდ 8-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკის მიხედვით

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჩვენთვის ცნობილ მონაცემებს ბევრად აჭარბებს. COVID-19 ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს გვიან აკითხავენ. სპეციალისტების აზრით, თუ დაავადებულთა რაოდენობაში ამგვარ, ჯერ კიდევ დაუდასტურებელ შემთხვევებსაც მოვიაზრებთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. 

► კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე გამოსცდიან

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიში ჩააბაროს. 

დღეისთვის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 80 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ეპიდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია. 5 მარტის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 95 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 3200-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები