Thumbnail

მუტაციის შედეგად კორონავირუსის ორი ტიპი ჩამოყალიბდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

პეკინისა და შანხაის უნივერსიტეტების მკვლევარებმა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებთან ერთად, კორონავირუსის 103 ნიმუშის შესწავლისას დაადგინეს, რომ მან მუტაცია განიცადა და ორ სხვადასხვა შტამად ჩამოყალიბდა. მეცნიერებმა მათ პირობითად S და L უწოდეს.

► მეცნიერებმა კორონავირუსის ფოტოსურათები გაავრცელეს

L ტიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება ბევრად მწვავედ მიმდინარეობს და მეტად გავრცელებულია. ვარაუდობენ, რომ ეპიდემიის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის სწორედ ეს სახეობა მძვინვარებდა. ის პაციენტთა 70 პროცენტს დაუდგინდა, თუმცა, იანვრის დასაწყისიდან ამ შტამის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო.

S ტიპის ვირუსი ნაკლებად აგრესიულია. ის COVID-19-ით დაავადებულთა მხოლოდ 30 პროცენტშია გამოვლენილი, თუმცა, ბოლო დროს მისი გავრცელების ტემპმა საგრძნობლად მოიმატა. სპეციალისტები ამას დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობით ხსნიან, რის გამოც პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს გვიან აკითხავენ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ადამიანებში სწორედ S შტამის ვირუსი გავრცელდა.

კორონავირუსი ელექტრომიკროსკოპის ქვეშ. ფოტო: NIAID

კორონავირუსის მუტაციამ პაციენტების განკურნება, შესაძლოა, დროში გაწელოს და გაართულოს. მეცნიერები საკითხის შემდგომი კვლევის საჭიროებაზე საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ ამაში მათ გენეტიკური, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების ერთად შეკრება და ანალიზი დაეხმარებათ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორივე შტამს სიკვდილიანობის მსგავსი მაჩვენებელი ახასიათებს.

► მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდა

COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სიცხე, ხველება და გართულებული სუნთქვაა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 14 დღემდეა, რაც პათოგენთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს. 11-მილიონიან უხანში კარანტინია გამოცხადებული. ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. თითოეული მაცხოვრებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამსახურებს საკუთარი სხეულის ტემპერატურის შესახებ ყოველდღიური ანგარიში ჩააბაროს. ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი კლება აღინიშნება.

► როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებას

დღეისთვის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 100-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჩინეთის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია. 11 მარტის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 4300-ს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლო ამბები