Thumbnail

NASA-მ მარსის მაღალი გარჩევადობის პანორამული ფოტო გამოაქვეყნა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მარსმავალ Curiosity-ს მიერ გადაღებული წითელი პლანეტის ლანდშაფტის ყველაზე მაღალი გარჩევადობის პანორამული ფოტო გამოაქვეყნა.

► გადმოწერე მარსის პანორამული ფოტო უმაღლესი ხარისხით

1,8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა რამდენიმე ასეული ფოტოთია აწყობილი. ისინი მარსმავალმა ანძაზე განთავსებული კამერით 2019 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გადაიღო. საერთო ჯამში ამას 6,5 საათი დასჭირდა. როვერი სამუშაოს დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მარსის დროით შუადღიდან ორ საათამდე ასრულებდა.

მარსის ლანდშაფტის პანორამა. ფოტო: NASA

პანორამულ ფოტოზე შარპის მთის ფერდობზე მდებარე რეგიონი "გლენ ტორიდონია" აღბეჭდილი, რომელსაც მარსმავალი იმ პერიოდში იკვლევდა. ეს ადგილი მინერალებითაა მდიდარი, რაც გეოლოგების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მისმა შესწავლამ, შესაძლოა, წითელი პლანეტის კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

► მარსზე მიწისძვრების არსებობა საბოლოოდ დადასტურდა

Curiosity კანავერალის კონცხიდან 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს. 2012 წლის 6 აგვისტოს ის მარსზე, გეილის კრატერში დაეშვა და მალევე ამ მიდამოში მდინარის უძველესი კალაპოტი აღმოაჩინა. 2014 წლის სექტემბერში მარსმავალი შარპის მთასთან მივიდა და მას შემდეგ მის მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები